დიეგო სიმეონე კოშტას ინციდენტზე; „ყველაფერი მოგვარდა“
Aa
Aa

დიეგო სიმეონე კოშტას ინციდენტზე; „ყველაფერი მოგვარდა“

„მადრიდის ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, „ლა ლიგის“ მორიგი ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დიეგო კოშტას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

უცხოური გამოცემების ცნობით 30 წლის თავდამსხმელმა გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარი განაცხადა. ყველაფერი „ბარსელონასთან“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. "ბლაუგრანასთან" მატჩში კოშტამ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მოგვიანებით დადასტურდა, რომ კოშტას დასჯას "ატლეტიკოც" აპირებდა და AS-ის ცნობით მადრიდელთა ფორვარდი სწორედ ამ ფაქტმა გაანაწყენა.

დიეგოს საქციელის მიუხედავად არგენტინელმა სპეციალისტმა თავისი შეგირდი დაიცვა და განაცხადა: „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ პრობლემა მოგვარდა და დიეგომ გუნდთან ერთად ივარჯიშა“.

„რამდენჯერმე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით კოშტას კარგი სეზონი არ ჰქონია. ეჭვიც არ მეპარება, რომ გაისად ყველაფერი სხვანაირად იქნება“.

„კოშტა გამარჯვების მოპოვების წყურვილით აღსავსე დაბრუნდება და ყველაფერს იზამს, რომ გაცემული ავანსები გაამართლოს. რა თქმა უნდა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გუნდის დატოვება. ჩვენ საუკეთესოს წოდების დასასაკუთრებლად ვიბრძვით და ვინც თვლის, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა შეუძლია, მადრიდში დარჩება და პროგრესს განაგრძობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები