Aa
Aa

NBA-ის პირველი რაუნდის მატჩების მიმოხილვა

სან ანტონიო - დენვერი 118 – 108

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ მიმდინარე სეზონის პლეიოფში პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. ტექსასელებმა „დენვერის“ წინააღმდეგობა დაძლიეს და სერიაში დაწინაურდნენ.

„სპურსის“ წარმატება დერიკ უაითის დამსახურება გახლდათ. ეს უკანასკნელი „ნაგეთსის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ასპარეზობს და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. უაითი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და შეხვედრა 36 ქულით დაასრულა. დერიკის გარდა დემარ დეროუზენიც გამოირჩა, რომელმაც თავი 25 ქულას მოუყარა. ლამარკუს ოლდრიჯმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 18 ქულა, 11 მოხსნა. აღსანიშნავია „სან ანტონიოს“ სათადარიგო სკამის კატასტროფული გამოსვლა. ტექსასელთა მეორე ხუთეულმა ჯამში მხოლოდ 19 ქულა დააგროვა.

„დენვერს“ 22 ქულით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. მალიკ ბიზლიმ აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. პოლ მილსეპი კი 14 ქულას დასჯერდა.

ბრუკლინი - ფილადელფია 115 – 131

„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ ჰაერივით საჭირო გამარჯვება დაიბევა და საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ბრეტ ბრაუნის ბიჭები ერთ-ერთი ლიდერის, ჯოელ ემბიდის, გარეშე ასპარეზობდნენ, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.

„ფილას“ მხრიდან საუკეთესო ბენ სიმონსი გახლდათ, რომელმაც 31 ქულასთან ერთად 9 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ტობაიას ჰერისმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გუნდს 29 ქულა და 16 მოხსნა შესძინა. ჯეი ჯეი რედიკი კი 26 ქულას დასჯერდა.

„ბრუკლინს“ 26-26 ქულით დეანჯელო რასელმა და კარის ლევერტმა ულიდერეს. სპენსერ დინვიდიმ და ჯარეტ ალენმა კი 15-15 ქულა დააგროვეს.

კლიპერსი - გოლდენ სტეიტი 105 – 132

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტმა“ თავისი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. 31 ქულიანი ჰანდიკაპის განიავების და საკუთარ კედლებში განცდილი მარცხის შემდეგ „მეომრებმა“ ჩვეულ სტილში იასპარეზეს და „კლიპერსი“ სტუმრად გაანადგურეს.

„უორიორსის“ მხრიდან 38 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც პლეიოფში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეჯიქ ჯონსონ გადაასწრო. სტეფ კარიმ თავი 21 ქულას მოუყარა. ანდრე იგუდალამ კი 15 ქულას მიითვალა.

დოკ რივერსის გუნდმა საშინლად ითამაშა და მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ლოს-ანჯელესელები განსაკუთრებით ცუდად დაცვაში გამოიყურებოდნენ და არც შეტევაში ბრწყინავდნენ. „კლიპერსის“ მხრიდან საუკეთესო ივიცა ზუბაჩი იყო, რომელმაც 17 წუთში 18 ქულა და 15 მოხსნა გაიფორმა. წინა შეხვედრის გმირმა, ლუ უილიამსმა, აქტივში 16 ქულა ჩაიწერა. გრინი, ჰარელის დუეტმა 15-15 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები