Aa
Aa

კაპელო: " წელს „რეალს“ შეუძლია ტრანსფერებში 500 მილიონი ევრო დახარჯოს"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, „სამეფო კლუბის“ სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის თქმით „ლოს ბლანკოსი“ ზაფხულში სერიოზული ფინანსური რესურსის დახარჯვას აპირებს.

კაპელო „სანტიაგო ბერნაბეუს“ მკვიდრების თავკაცის პოსტს ორჯერ იკავებდა და გუნდში თავისი კავშირები აქვს. Sky Sports Italy-სთან საუბრისას ფაბიო სწორედ მათგან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო და განაცხადა: „ბარსელონაში ვიყავი და მითხრეს, რომ წელს „რეალს“ შეუძლია ტრანსფერებში 500 მილიონი ევრო დახარჯოს. ბუნებრივია გამიკვირდა და თანამოსაუბრეს ვკითხე დარწმუნებული იყო თუ არა, რაზეც თანხმობა მივიღე. გაითვალისწინეთ, რომ იმ ადამიანზე მაქვს საუბარი, რომელმაც „სამეფო კლუბის“ შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის“.

ზინედინ ზიდანის გუნდში მოსვლის შემდეგ „რეალის“ სატრანსფერო გეგმებზე აქტიურად იწერება. „ლოს ბლანკოსმა“ ედერ მილიტაუ და ბრაზილიელი ვუნდერკინდი, როდრიგო გოეში უკვე გადაიბირეს და თუ MARCA-ს დავუჯერებთ "ჩელსის" სუპერვარსკლავის, ედენ აზარის, შეძენასთან ძალიან ახლოს არიან. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა იტყობინება "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები ბელგიელი შემტევის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დაადასტურებენ. "ლოს ბლანკოსი" აზარის გარდა პოლ პოგბას, კრისტიან ერიქსენის, მატიას დე ლიხტის და დონი ვან დე ბეეკის შეძენას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები