Aa
Aa

კევინ დურანტმა "მეჯიქს" გადაასწრო

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ 31 ქულიანი უპირატესობის განიავების შემდეგ  რევანში აიღო და „კლიპერსი“ სტუმრად გაანადგურა. „მეომრები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და საბოლოოდ 132-ით 105 იმარჯვეს.

ოკლენდელთა ტრიუმფში ლომის წვლილი შესანიშნავ ფორმაში მყოფ კევინ დურანტს მიუძღვის. „კეიდიმ“ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და გუნდს 38 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა შესძინა. ყველაფერთან ერთად დურანტმა ინდივიდუალური მიღწევაც გაიფორმა და პლეიოფში დაგროვებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო.

„გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე 3738 ქულაა. „კეიდის“ მომდევნო კონკურენტი ჰაკიმ ოლაჯუონია. „ჰიუსტონ როქეთსის“ ყოფილ ცენტრს 3755 ქულა აქვს გაკეთებული.

გამთენიისას მოპოვებული გამარჯვების შედეგად სტივ კერის ბიჭები სერიაში დაწინაურდნენ და საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნეს. „უორიორსი“ დემარკუს კაზინსის გარეშე ასპარეზობს, თუმცა „კლიპერსის“ ბარიერის დაძლევა წესითა და რიგით არ უნდა გაუჭირდეს. დოკ რივერსის გუნდისა და „გოლდენ სტეიტის“ რიგით მეოთხე შეხვედრა 21 აპრილსაა დაგეგმილი. NBA-ის მოქმედ ჩემპიონს კვლავ სტუმრად მოუწევს ასპარეზობა, თუმცა მაინც გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები