პორტუ VS ლივერპული - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

პორტუ VS ლივერპული - მატჩის შემდეგ

„პორტუს“ ბარიერი საკმაოდ იოლად დასძლია „ლივერპულმა“, რომელმაც პორტუგალიურ კლუბს მისსავე მოედანზეც მოუგო. არადა, გუშინდელი მატჩი „დრაკონების“ დიდი უპირატესობით დაიწყო და მათ საწყის 20 წუთში გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ და ასეთ მოკლე დროში მეტოქის კარისკენ 13-ჯერ დაარტყეს, „ლივერი“ კი დაბნეული ჩანდა და მხოლოდ შეტევების მოგერიებაზე ფიქრობდა.

ყველაფერი 26-ე წუთზე შეიცვალა, როცა მო სალაჰის ცუდად დარტყმულ ბურთს, სადიო მანე გამოეხმაურა და იგი კარში ზუსტად გადაგზავნა, ამ გოლმა 1/2 ფინალში გამსვლელი პრაქტიკულად გადაწყვიტა, რადგან „პორტუს“ უკვე 4 გოლი სჭირდებოდა.

მეორე ტაიმში კიდევ 4 გოლი გავიდა, თუმცა მათგან 3 მასპინძელთა კარში, იკერ კასილიასს სალაჰმა, ფირმინომ და ვან დიიკმა გაუტანეს, „პორტუსგან“ კი პრესტიჟის გოლი ედერ მილიტაომ შეაგდო.

იურგენ კლოპის განცხადებით, ორრაუნდიანი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში, გამართული ორივე შეხვედრის მიმდინარეობას მთლად რეალურად არ ასახავს. გერმანელი აღნშნავს, რომ გუშინდელ მატჩში „პორტუმ“ მის გუნდს ცხოვრება გაურთულა.

„პორტუსთან გამართული ეს ორი მატჩი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. პირველ შეხვედრაში ჩვენ ვდომინირებდით და გატანილი 2 გოლით პორტუს ცხოვრება გავურთულეთ. მეორე რაუნდში კი პირიქით, ცხოვრება პორტუმ გაგვირთულა. ყველაფერის მიუხედავად ჩვენ ნახევარფინალში ვართ, სადაც ბარსელონას ვეთამაშებით. ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამ მატჩზე ბევრს არ ვფიქრობ, თუმცა ნამდვილად მიხარია, რომ სწორედ ბარსელონას შევხვდებით. ვიპოვით რაღაც ხერხებს, რომლებსაც ბარსას დავუპირისპირებთ... ან რა მნიშვნელობა აქვს... ჯერ არც მადარდებს. შაბათს პრემიერ ლიგაში კარდიფს ვხვდებით და ამ მომენტში მხოლოდ მათთან გასამართ მატჩზე ვფიქრობ. ბარსელონასთან როგორ ვითამაშოთ, ამაზე საფიქრად ჯერ დიდი დრო გვაქვს. რაც შეეხება მესის, მისი გაჩერება აქამდე ბევრმა სცადა, თუმცა არავის გამოუვიდა. ამის მიუხედავად ჩვენ მის შეჩერებას მაინც ვეცდებით. ბარსელონას წინააღმდეგ აქამდე არასდროს მითამაშია და ვნახოთ რა მოხდება. მანამდე კი ჯერ ბევრი სამუშაო გვაქვს.“

კლოპის მსგავს აზრზეა სერჟიო კონსეისაოც. პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ არც ინგლისში და არც პორტუგალიაში ის ანგარიში არ დაფიქსირებულა, რაც მისმა გუნდმა დაიმსახურა.

„უსამართლობაა. ამ ორი რაუნდის შემდეგ გოლებში მსგავს სხვაობას არ ვიმსახურებდით. ჩვენ ორივე შეხვედრაში ეფექტურად ვითამაშეთ, თუმცა გოლების გატანა ვერ შევძელით. არ გაგვიმართლა და რაღაც დაგვაკლდა იმისთვის რომ ნახევარფინალურ ეტაპზე გვეთამაშა. ყველაფრის მიუხედავად ჩემს ფეხბურთელებს მიღწეულ წარმატებას ვულოცავ.“

2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ერთზე მეტი ინგლისური გუნდი გავიდა. მაშინ საუკეთესო ოთხეულში „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყვნენ.

„ლივერპულის“ შემდეგი მეტოქე „ბარსელონაა“, რომელთანაც პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს, ერთი კვირის შემდეგ კი „ენფილდზე“ უმასპინძლებს.

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 30 აპრილსა და 1 მაისს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი - 7 და 8 მაისს. რომელ დღეს რომელი თამაში იქნება, ეს ოდნავ მოგვიანებით გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები