სიტი VS ტოტენჰემი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

სიტი VS ტოტენჰემი - მატჩის შემდეგ

სანახაობრივმა და დრამატულმა 90-მა წუთმა გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი „სიტისა“ და „ტოტენჰემს“ შორის. გუნდებმა მატჩი ბრწყინვალედ დაიწყეს და მე-11 წუთისთვის ანგარიში 2:2 იყო, რაც ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდია. პირველი ნახევარი მანჩესტერელთა გამარჯვებით - 3:2 დასრულდა, ეს კი ინგლისში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ორრაუნდიან დაპირისპირებაში „სიტიმ“ პირველად წინ გასვლა აგუეროს გოლის შემდეგ შეძლო, რომელიც არგენტინელმა 59-ე წუთზე შეაგდო. ფერნანდო ლორენტემ 73-ე წუთზე, უპირატესობა ისევ „დეზებს“ მიანიჭა და ანგარიში 4:3 გახდა.

უაღრესად დაძაბული გამოდგა ბოლო წუთები, როცა „სიტიმ“ გოლი შეაგდო და შემდეგ ეტაპზეც გადიოდა, მაგრამ საქმეში VAR-ი ჩაერთო, გოლი გაუქმდა და „ტოტენჰემი“ ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდში 1962 წლის შემდეგ პირველად მოხვდა.

რა თქმა უნდა, პრესკონფერენციისას უბედნიერესი იყო მაურისიო პოჩეტინო, რომელმაც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა, მისი ფეხბურთელები კი გმირებად მოიხსენია.

„ვფიქრობ ნახევარფინალში თამაშს ვიმსახურებთ. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. მატჩამდე განვაცხადე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემი ბიჭებით ვიამაყებდი. ამ შედეგის შემდეგ კი ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ რომ ისტორია დავწერეთ. ამ ყველაფერთან ერთად რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ ტოტენჰემს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, რომ სიტის, რეალის ან ბარსელონას დონეზე ითამაშოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ტოტენჰემმა იმას მიაღწიოს რასაც იმსახურებს. ჩვენ შესანიშნავი სტადიონი და გასაოცარი ფანები გვყავს, ახლა კი უნდა ვეცადოთ რომ დიდ ტიტულებს დავეუფლოთ. რაც შეეხება ნახევარფინალურ მატჩს...ფეხბურთში ვერ იწინასწარმეტყველებ, მაგრამ ჩემი აზრით, აიაქსთან გახსნილი თამაში გვექნება, სადაც უამრავი მომენტი იქნება. ერთი სული მაქვს მათ როდის დავუპირისპირდებით.“

მხარდაჭერისათვის ფანებს მადლობა გადაუხადა პეპ გუარდიოლამ, რომლის თქმითაც, არსებული რეალობა გუნდისთვის რთული გადასატანია, მაგრამ ფეხბურთელებს მისი გათავისება მოუწევთ.

„საშინელებაა, მაგრამ რეალობა უნდა მივიღოთ... ყველასთვის კარგი თამაში იყო, რომელიც ბევრმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა შექმნა. 20 წუთის შემდეგ 2:3 ყველაფერზე მეტყველებს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. შანსების შექმნა მარტივი არაა, თუმცა ჩვენ უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა. ამ ტურნირზე შეცდომების დაშვება ყოველთვის ძვირად გიჯდება, რაც კარგად ვიცოდით და გოლები გავიტანეთ, რომლებიც გვჭირდებოდა, თუმცა ბოლოს ჩვენთვის ყველაფერი ცუდად დამთავრდა, ასე რომ ვულოცავ ტოტენჰემს და ნახევარფინალში წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება ჩვენს გულშემატკივარს... მეამაყებით... მეამაყება მათი რეაქციები და გასაოცარი ქმედებები. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა, მას შემდეგ რაც სიტიში ვარ სტადიონზე მსგავსი ატმოსფერო პირველად ვნახე. სამწუხაროდ მათი იმედები ვერ გავამართლეთ, თუმცა მათ იციან, რომ ჩვენ მოედანზე რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.“

„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის/თასის 1/2 ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. „დეზების“ სამხრეთ კორეელი შემტევი, ჰიონ-მინ სონი კი ამ ტურნირზე აზიელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო ბომბარდირია, მის აქტივში 11 გოლია.

ლონდონელები 1/2 ფინალში ამსტერდამის „აიაქსზე“ გავიდნენ. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ინგლისში შედგება, საპასუხო მატჩი კი „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები