The Sun - „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ დე ხეამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა
Aa
Aa

The Sun - „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ დე ხეამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა

The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელმა გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ, „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს მოუბოდიშა. 28 წლის მეკარემ „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ უხეში შეცდომა დაუშვა. ლეო მესიმ საჩუქარი მშვენივრად გამოიყენა და კატალონიური კლუბი ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. დე ხეას პირველ და მესამე გოლში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა „წითელი ეშმაკების“ კარის დარაჯმა თავის თავს შეცდომა მაინც ვერ აპატია.

ბრიტანული გამოცემის ცნობით „ბარსელონასთან“ ჯახის დასრულების შემდეგ ესპანელი კიპერი გასახდელში სიტყვით გამოვიდა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. The Sun-ის მიხედვით დე ხეამ ისიც აღნიშნა, რომ მისი შეცდომა რომ არა „მანჩესტერს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა. როგორც ირკვევა კლუბის წარუმატებლობაში „იუნაიტედის“ გოლკიპერს ბრალს არცერთი თანაგუნდელი სდებდა და ყველაფერი დე ხეას ინიციატივით მოხდა.

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახის შემდეგ ოლე გუნარ სულშერის გუნდი პრემიერ ლიგაზე გადაერთვება. „იუნაიტედი“ საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და 64 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. „წითელ ეშმაკებს“ ურთულესი მატჩები ელით. მომდევნო შეხვედრაში მანჩესტერელები სტუმრად „ევერტონს“ გაეჯიბრებიან. სამი დღის შემდეგ პეპ გუარდიოლას „სიტის“ უმასპინძლებენ. 28 აპრილს კი უშუალო კონკურენტს, „ჩელსის“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები