Aa
Aa

"ბაიერნი" პიზაროს სამსახურს სთავაზობს

მიუნხენის "ბაიერნის" მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ კლუბის ყოფილ ფეხბურთელ კლაუდიო პიზაროს, როცა ის კარიერას დაასრულებს, სამსახური შესთავაზოს. ამის შესახებ "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.

"კლაუდიოსთან უკვე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, იგი ჩვენი კლუბის სტრუქტურაში მუშაობაზე დაფიქრდება. შემიძლია გითხრათ, რომ პირველ ეტაპზე მას კლუბის საპატიო ელჩის თანამდებობაზე მოვიაზრებთ.

როგორც ვიცი, მას მიუნხენში სახლი აქვს, მისი ოჯახი კი ამ ქალაქში თავს ყოველთვის კარგად გრძნობდა". - ციტირებს რუმენიგეს ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი.

კლაუდიო პიზარო "ბაიერნის" რიგებში 2-ჯერ - 2001-2007 და 2012-2015 წლებში თამაშობდა. ვეტერანმა ფორვარდმა ბავარიელთა მაისურით 327 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 125 გოლი შეაგდო.

პიზარო ამჟამად ბრემენის "ვერდერის" ღირსებას იცავს და მასთან ერთად შაბათს სწორედ "ბაიერნის" წინააღმდეგ სათამაშოდ ჩადის, ოთხშაბათს კი ეს გუნდები უკვე გერმანიის თასის 1/2 ფინალურ მატჩში ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო პიზაროს გერმანიის ჩემპიონატში უცხოელ ფეხბურთელთა შორის ჩატარებული მატჩების რეკორდი ეკუთვნის. იგი ბუნდესლიგის ეგიდით მოედანზე 463-ჯერ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები