პატარა „თავხედი“ ბიჭები, რომლებმაც „ბებერ ქალბატონთან“ ზრდილობიანად მოქცევა არ იციან!
Aa
Aa

პატარა „თავხედი“ ბიჭები, რომლებმაც „ბებერ ქალბატონთან“ ზრდილობიანად მოქცევა არ იციან!

"ფეხბურთის თამაში ძალიან მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია“, - ეს სიტყვები ლეგენდარულ იოჰან კრუიფს ეკუთვნის და მას „აიაქსმა“ ხორცი კიდევ ერთხელ შეასხა.

ამსტერდამელებმა ტურინში მარტივი ფეხბურთი ითამაშეს და ეს ურთულესი შესასრულებელი გახლდათ, თუმცა ეს ხომ „აიაქსია“ და ეს ხომ მათი დეენემის ნაწილია.

„აიაქსის“ ზღაპრული ისტორია, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს გრძელდება...

ამსტერდამელებმა ისტორია უკვე დაწერეს!

ამსტერდამელები წლევანდელ სეზონამდე ზედიზედ 3 წელი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს ვერ სცდებოდნენ, ამჯერად მათ ეს შეძლეს და სადამდეც მივიდნენ ყველამ ვნახეთ.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მეტოქის ბარიერი დაძლია და ჯგუფში ასე შევიდა. ჯერ იყო ავსტრიული „შტურმი“, შემდეგ ლიეჟის „სტანდარდი“, ბოლოს კი კიევის „დინამო“.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა, რომ საკვალიფიკაციოზე 3 ეტაპის გამვლელ გუნდს ნახევარფინალამდე მიეღწიოს. „აიაქსმა“ ეს შეძლო და ისტორია დაწერა!

ამსტერდამელებმა ჯგუფურ ეტაპზე არცერთი შეხვედრა არ წააგეს, შემდეგ კი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ გაუსწორდნენ.

გუნდის კაპიტანი და გუნდის ხერხემალი - მატიისი და ფრენკი

გუნდის კაპიტანი არის 19 წლის მატიის დე ლიხტი. ის გახლავთ პირველი მცველი, რომელმაც ახალგაზრდული ოქროს ბურთი მოიგო (2018 წელს), ასევე არის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე „აიაქსის“ ისტორიაში, რომელმაც გუნდის მაისურით 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ფრენკი დე იონგი - გუნდის საკვანძო ფიგურა. თუ ის მოედანზე არ არის, „აიაქსი“ სრულიად სხვა გუნდი ხდება.

ფრენკიმ ამსტერდამში გამართულ მატჩამდე მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და მისი თამაში სათუო იყო, თუმცა ის მოედანზე მაინც ვიხილეთ.

ტურინულ მატჩამდე ტენ ჰაგმა გარისკა და ის „ექსელსიორთან“ ათამაშა, 28-ე წუთზე კი დე იონგს ტრავმა გაუმიზეზდა და მოედანი დატოვა. იყო ალბათობა, რომ განმეორებით შეხვედრაში ის ვერ ითამაშებდა, თუმცა 21 წლის ჰოლანდიელი სასტარტოში ვიხილეთ.

ამ ბიჭის ფიზიკური (გონებრივთან ერთად) შესაძლებლობები უბრალოდ გასაოცარია.

დე იონგმა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდებული შეხვედრა ჩაატარა. მან გუნდს ბურთი 7-ჯერ დაუბრუნა და მოიგო 2 საჰაერო ორთაბრძოლა. ფრენკი გუნდის ნამდვილი დირიჟორია.

ყველა შეტევა მისგან იწყება. მას ბურთს უბრალოდ ვერ ართმევენ. დე იონგი სივრცეს ისე გრძნობს, როგორც ზვიგენი სისხლის სუნს.

ბურთის კონტროლთან და უზადო გადაცემებთან ერთად მას დაცვაში საიმედო თამაშიც შეუძლია. მხოლოდ ეს მომენტი რად ღირს...

 

გუნდის ჯოკერი

ამსტერდამელთა შეტევის ლიდერი უდაოდ დუშან ტადიჩია. 30 წლის სერბი გუნდის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა და ის კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

ტადიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს მსგავსად 6 გოლი გაიტანა და მესის მსგავსად 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სეზონში მის ანაგრიშზე უკვე 31 გოლია, თუმცა ტადიჩი საკუთარ შედეგებზე ჩაციკლული მოთამაშე არ არის. ზოგადად, „აიაქსის“ რიგებში ასეთ ფეხბურთელს ვერ ნახავთ.

 

„მე მათ თამაშში მე ყველაზე მეტად სულ სხვა რამ მხიბლავს. არა მათი შრომისმოყვაროება და არა ტექნიკა - თუმცა ისინი ამაშიც შეუდარებლები არიან. „აიაქსის“ თამაშში მხიბლავს მათი ტაქტიკური განსწავლულობა, როგორ აკონტროლებენ და ფარავენ მთელს მოედანს, როგორ აღიქვამენ დროსა და სივრცეს - ეს ყველაფერი კი ასეთ ადრეულ ასაკში“. - ეს სიტყვები „იუვენტუსის“ ლეგენდას ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნის.

ერიკ ტენ ჰაგი, გუარადიოლა, კრუიფი და მიხელსი - ანუ როგორ თამაშობს „აიაქსი“

„აიაქსის“ თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი „ბაიერნში“ პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

ტენ ჰაგმა ყველაფერი (ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ) პეპისგან ისწავლა. თავად გუარდიოლამ კი დიადი იოჰან კრუიფისგან, რომელმაც თავის დროზე ეს სიმდიდრე რინუს მიხელსისგან მიიღო.

რა ფეხბურთიც „აიაქსმა“ ტურინში ითამაშა ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვიყვარს სპორტის ეს სახეობა. ახალგაზრდა ამსტერდამელებს გამოცდილი და ზემოტივირებული მეტოქის არ შეეშინდათ.

ეს არის ჰოლანდიური სილამაზე და ეს არის ერიკ ტენ ჰაგის დამსახურება. მწვრთნელის როლი თანამედროვე ფეხბურთში განუსაზღვრელია.

თუ შენი დირიჟორი შესაბამისად ვერ აზროვნებს, ფეხბურთელები მსგავს სტილში თავისით ვერ ათამაშდებიან. ხალხი ბევრს საუბრობს დე იონგზე, დე ლიხტზე, ტადიჩზე და სხვებზე, მაგრამ ამ სილამაზის მთავარი შემოქმედი მწვრთნელი გახლავთ.


 

ვიდეოში ნათლად ჩანს თუ რამხელა სხვაობაა „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ ნახევარდაცვა შორის.

ალეგრიმ „რეალის“ წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი და გასული წლის მეოთხედფინალები სწორედ სუსტი ნახევარდაცვის გამო დათმო და ამ პრობლემამ თავი „აიაქსის“ წინააღმდეგაც იჩინა. ტურინელებს აღარ ჰყავთ პირლოსა და პოგბას სტილის შუახაზელი და ეს დღემდე მათი გადაუჭრელი პრობლემაა.

მეორე ტაიმში 1:1-ზე, როდესაც ყველა ელოდა, რომ „იუვე“ სადავეებს ხელთ იგდებდა და მეტოქის საჯარიმოს შტურმით აიღებდა, „აიაქსმა“ ამ დროს მათ ბურთი დაუმალა და უამრავი საგოლე მომენტი შეუქმნა. ეს გუნდი უბრალოდ არ იღლება, არავისი ეშინია და არავის ერიდება.

„აიაქსმა“ ფეხბურთს არ უღალატა

ეს სწორი მიდგომაა და ამან შედეგი უკვე მოიტანა. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 3 წელია ვერ გადიხარ, როდესაც ამ ტურნირის ნახევარფინალში ბოლოს 22 წლის წინ ითამაშე და როდესაც შენი გუნდის საშუალო ასაკი 24 წელია - და შენ უკვე ნახევარფინალში ხარ!

ეს შემთხვევითობა არ არის, ეს სენსაცია აღარ არის. „აიაქსი“ უკვე ჩვეულებრივი ფავორიტია და მეტიც - მათ თასის აღების არავისზე ნაკლები შანსი არ აქვთ.

ამსტერდამელებმა ფეხბურთს არ უღალატეს. ისინი თავიანთ დიდებულ სტილს არასდროს ცვლიან და ეს იმაზე გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე ვიღაცების მიერ ათასში ერთხელ, რომ იტყვიან „გავარდნითა“ და ანტი ფეხბურთით მოგებული თასები.

1982 წლიდან დღემდე - „აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში კლუბის სკოლის აღზრდილი მინიმუმ 1 წარმომადგენელი ყოველთვის თამაშობს!

მადლობა რინუს მიხელსს, მადლობა კრუიფს, მადლობა ტენ ჰაგს, მადლობა „აიაქსის“ თითოეულ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამდ განაცხადშია, მადლობა მთელს კლუბს თავისი დიდებული აკადემიით და რა თქმა უნდა, მადლობა მთელს ჰოლანდიას, რომ ფეხბურთი თავიანთი დიდებული ფილოსოფიით გაამდიდრეს!

Bedankt Voor Alles Ajax!

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები