Aa
Aa

პორტუ VS ლივერპული - მატჩის წინ

ინგლისში მოპოვებული უპირატესობის განმტკიცებას ეცდება „ლივერპული“, რომელიც ამ მომენტისათვის „პორტუს“ 2:0-ს ამარცხებს. პორტუგალიელებს საკუთარი მოედნისა და 50 000-კაციანი „დრაგაოს“ იმედი აქვთ, თუმცა „ლივერს“ ბრწყინვალე დაუმარცხებელი სვლა აქვს და წაგების გემო 7 იანვრის შემდეგ არ იცის.

პორტუელებმა შაბათს პრიმეირა ლიგის მორიგი ტურის მატჩი გამართეს და სტუმრად „პორტიმონენსეს“, ბრაჰიმის, მარეგასა და ერერას გოლებით, 3:0 მოუგეს.

მასპინძლები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით არიან, მათგან მხოლოდ ხესუს კორონას თამაშია საეჭვო.

„ლივერპულს“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევს სერჟიო კონსეისაო, რომელიც აცხადებს, რომ მერსისაიდელებს დინამიკური და მობილური სათამაშო სტილი აქვთ.

„იმაზე მეტი მოტივაცია არ არსებობს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში და იმის შესაძლებლობა რომ ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის შანსია. ამისთვის ჩვენ ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ. ძალიან მომწონს ლივერპული, რადგან ისინი დინამიურ ფეხბურთს თამაშობენ, მათ ბურთით და ბურთის გარეშე თამაშიც შეუძლიათ. ჩემი აზრით ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.“

„პორტუსგან“ განსხვავებით, კვირას ჩაატარა თავისი მატჩი „ლივერმა“, რომელმაც „ენფილდზე“ „ჩელსი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში სადიო მანემ გახსნა, რასაც მალევე მო სალაჰის ბრწყინვალე გასროლა მოჰყვა.

„დრაგაოზე“ გასამართ შეხვედრას, სტუმართაგან ლოვრენი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი გამოაკლდებიან, საეჭვოა ჯო გომესის თამაშიც.

იურგენ კლოპის აზრით, მის გუნდს პორტუგალიაში რთული მატჩი ექნება, რადგან ამ სტადიონზე თამაში იოლი არასდროს არავისთვისაა.

„ზოგჯერ მართლაც კარგად ვთამაშობთ. არა...მოდით ასე ვიტყვი - ეს სიმართლეა. სიმართლეა რაც პორტუს მწვრთნელმა თქვა და ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ შევეცდებით იმის ჩვენებას რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვართ. კონსეისაოს სიტყვები კომპლიმენტია, თუმცა ვიცით რომ ნახევარფინალში გასასვლელად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. წლევანდელი სეზონი, მართლაც კარგი გვაქვს და დღეს აქ სწორედ ამიტომ ვარ. მაგრამ ამის აღნიშვნას ჯერ არ ვაპირებთ, პირიქით შემდეგ ეტაპზე გასვლა და უფრო დიდი წარმატება გვსურს. რადგან ჯერ სეზონი არ დასრულებულა.“

„პორტუსა“ და „ლივერპულის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება. თამაშს ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომლის მთავარი კაციც დენი მაკელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები