Aa
Aa

იუვენტუსი VS აიაქსი - მატჩის შემდეგ

22-წლიანი პაუზის შემდეგ ამსტერდამის „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში პირველად გავიდა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ტურინში, „იუვენტუსს“ საპასუხო მატჩი 2:1 მოიგო და საერთო ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

შეხვედრის 28-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ იტალიელები დააწინაურა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 126-ე გოლი შეაგდო, ფლეი-ოფის სტადიაზე კი თავი 65-ედ გამოიჩინა, ეს ორივე მაჩვენებელი სარეკორდოა. გარდა ამისა, რონალდუს უშუალოდ „აიაქსის“ წინააღმდეგ 7 მატჩში 9 გოლი მოუგროვდა, მას ჩემპიონთა ლიგაზე ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ამჟამინდელი კლუბის, „იუვენტუსის“ კარში აქვს გატანილი.

34 წლის შემტევის ზუსტი თავურის შემდეგ „აიაქსმა“ სიტუაციის გამოსწორება მალევე შეძლო. გაშვებული გოლიდან 6 წუთში დონი ვან დე ბეეკმა გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში ჰოლანდიელები უკეთესად გამოიყურებოდნენ, რაც 67-ე წუთზე, დე ლიხტის გოლში გარდაისახა.

გასული სეზონის მსგავსად, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. მასიმილიანო ალეგრის თქმით, „აიაქსმა“ ძალიან კარგი თამაში აჩვენა და ეს გუნდი აუტსაიდერად არავისთან არ უნდა მოინათლოს.

„რამდენიმე დღის წინ იუვენტუსის პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის ვესაუბრე და კიდევ ერთ შეხვედრაზე შევთანხმდით. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, რომელიც არა დღეს, არამედ ცოტა ხნის წინ მივიღე. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემი სურვილი იუვენტუსში დარჩენაა, რადგან წინ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს. აიაქსმა კარგი ფეხბურთი ითამაშა. ორი წლის წინ მათ ევროპა ლიგის ფინალში ითამაშეს, ისინი აუტსაიდერები არ არიან, ან როგორ უნდა იყვნენ, როდესაც მადრიდის რეალს 5 გოლი გაუტანეს. ვერ ვიტყვი რომ ჩემპიონთა ლიგიდან ეს ჩვენი ყველაზე ცუდი სცენარით გამოვარდნაა. იუვენტუსს ყოველთვის ერთი და იგივე მიზანი აქვს, ზოგჯერ ფინალამდე მივდივართ, ზოგჯერ კი ვერ. ეჭვგარეშეა რომ წელს უფრო დიდი მოლოდინი გვქონდა. რონალდუმ კარგად ითამაშა, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებმა. ამ შეხვედრაში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან პირველი გოლი გაიტანა. ის გულდაწყვეტილია, ისევე როგორც ჩვენ, რაც ბუნებრივია, თუმცა ჩვენი მიზნისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ.“

ჰოლანდიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 2005 წლის შემდეგ არ უთამაშია, მაშინ ეს პსვ-მ გააკეთა, რომელიც იტალიურ „მილანთანა“ დამარცხდა.

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, აღნიშნა, რომ ეს წარმატება ჰოლანდიური ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენს მოგზაურობაში ბევრი ქვეყანა იყო - პორტუგალია, ესპანეთი, იტალია...თუმცა ინგლისი აკლია. ეს ჩვენთვის შემდეგი გამოწვევაა. გუარდიოლას ფილოსოფია ჩემს სათამაშო სტილთან ძალიან ახლოსაა. შემიძლია ვთქვა რომ წინ დიდი დაპირისპირება გველის. იუვენტუსთან შესანიშნავად ვითამაშეთ, რაც ჰოლანდიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლებში ჰოლანდიური კლუბები ცუდად ასპარეზობენ, თუმცა ჩვენ დავბრუნდით. კლუბში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და თუ გუნდი მათზე აეწყობა, წინ მხოლოდ სასიამოვნო მომენტები გველის.“

„აიაქსი“ ტურნირის 1/2 ფინალში „სიტისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები