ლაშა თავართქილაძე ‘CSM ბუქარესტის’ მთავარი მწვრთნელია
Aa
Aa

ლაშა თავართქილაძე ‘CSM ბუქარესტის’ მთავარი მწვრთნელია

ვეტერანი ბორჯღალოსანი ლაშა თავართქილაძე რუმინეთის სუპერლიგის ლიდერის, ‘CSM ბუქარესტის’ მთავარი მწვრთნელი გახდა. 

32 წლის სპეციალისტს 2009-2011 წლებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი. მან მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი რუმინეთში, ‘ფარულ კონსტანცაში’ გაატარა, სამწვრთნელო კარიერა კი თბილისის ‘არმიაში’ დაიწყო.

 მისი, როგორც მწვრთნელის აღმავლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ‘CSM ბუქარესტის’ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. 2019 წლის იანვარში მას რუმინეთის ნაკრებში უხმეს და შერკინების გაწვრთნა მიანდეს, ახლახანს კი, კლუბში დააწინაურეს და მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს.

 ლაშას კლუბში მთავარ მწვრთნელად დანიშვნა რუმინეთის რაგბის კავშირმაც მიულოცა:

 „ლაშა თავართქილაძეს ‘CSM ბუქარესტის’ მთავარ მწვრთნელად დაწინაურებას ვულოცავთ. მისმა პოტენციალმა და ნიჭმა გვიბიძგა იმ ნაბიჯისკენ, რომ კაცთა ნაკრებში შერკინების მწვრთნელად დაგვენიშნა. ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც საკლუბო, ასევე საერთაშორისო დონეზე“ - წერია რუმინეთის რაგბის კავშირის განცხადებაში.

 „ჩემი წარმატებები ერთმანეთს მიეწყო, ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. მოხარული ვარ, რომ ჩემი გაწეული შრომა დაფასდა. ეს დიდი ბიძგია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის. მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სასიხარულოა, თუმცა ამავდროულად დიდი გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს ასაკის გათვალისწინებით. ვთვლი, რომ ცხროვრებაში ყველა გამოწვევას უნდა ჩაეჭიდო და სწორედ ასე ვხვდები ამ გამოწვევასაც“ - განუცხადა საქართველოს რაგბის კავშირს თავართქილაძემ.

 ლაშას ‘CSM ბუქარესტის’ მთავარ მწვრთნელად დებიუტი კონსტანცაში ჰქონდა, ქალაქში, სადაც მოთამაშის რანგში არაერთი წელი გაატარა. მისმა გუნდმა მეტოქე 39:8 მოუგო.

ცხელი ამბები