Aa
Aa

"ტამპა ბეი ლაითნინგი" - გუნდი, რომელმაც ფიასკო განიცადა

გამთენიისას „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ NHL-ის ისტორია დაწერა. ფლორიდელთა სამწუხაროდ მათ ანტირეკორდი დააფიქსირეს. ჯონ კუპერის გუნდმა პლეიოფის პირველ რაუნდში „კოლამბუს ბლუ ჯექეთსის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა და „სტენლის თასისთვის" ბრძოლას გამოეთიშა.

„ტამპა ბეი“ წელს ჩემპიონობის აშკარა ფავორიტი იყო. „ლაითნინგმა“ რეგულარული სეზონი საუკეთესო შედეგით დაასრულა და 1995-96 წლების შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 62 გამარჯვება მიითვალა. ჯონ კუპერის შეგირდები სასურველ შედეგს ერთი ამოსუნთქვით აფიქსირებდნენ და მატჩში საშუალოდ 3.89 გოლი გაჰქონდათ.

„ლაითნინგმა“ 30 შეხვედრა სამი ან მეტი გოლის სხვაობით მოიგო, რაც 1992-93 წლების შემდეგ ასევე პირველად მოხდა. “ტამპა ბეი“ მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდა, თუმცა პლეიოფში საშინელი თამაში აჩვენა.

ჯონ კუპერის ბიჭებმა „კოლამბუს ბლუ ჯექეთსთან“ სრული კრახი განიცადეს და ჰოკეის ეროვნული ლიგის ანტირეკორდი დააფიქსირეს. „ლაითნინგი“ NHL-ის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგის გაფორმების შემდეგ პლეიოფის პირველ რაუნდში მშრალად წააგო.

„კოლამბუსის“ გარდა მომდევნო ეტაპის საგზური „აილენდერსმაც“ დაისაკუთრა. „ნიუ იორკელებმა“ „პიტსბურგს“ 4-0 სძლიეს და კონფერენციის ნახევარფინალში 2016 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებენ.

ცხელი ამბები