Aa
Aa

ჯოშუასა და მილერის ორთაბრძოლა არ შედგება? ამერიკელ მოკრივეს პრობლემები აქვს

ენტონი ჯოშუას სამომავლო გეგმები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბრიტანელ მოკრივეს წესითა და რიგით 2 ივნისს ამერიკაში სადებიუტო ორთაბრძოლა უნდა გაემართა და ჯარელ მილერს შერკინებოდა, თუმცა ამ უკანასკნელს ერთ-ერთი ტესტისას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა.

ESPN-ის ცნობით საქმე GW1515-ს ეხება, რომლის დახმარებითაც კუნთის მასის მომატება ხდება. გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ კრივის მმართველ ორგანოში მიღებული მონაცემების გადამოწმებას აპირებენ და ჯარელს მეორე ტესტს ჩაუტარებენ.

მილერისა და ჯოშუას დაპირისპირებას ამერიკული პუბლიკა დიდი ინტერესით შეხვდა. ორთაბრძოლა „მედისონ სქუეარ გარდენში“ უნდა გამართულიყო და გაყიდვების რამდენიმე რეკორდიც მოხსნა, თუმცა როგორც ჩანს ამერიკულ-ბრიტანული ჯახი არ შედგება.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანელი მებრძოლის პრომოუტერმა, ედი ჰირნმაც დაადასტურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა; „შეგვატყობინეს, რომ 2019 წლის 20 მარტს ჩატარებული ტესტის შედეგად ჯარელ მილერის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ და დეტალებს უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ. „ეიჯეი“ „მედისონ სქუეარ გარდენში“ გასამართი ორთაბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს“.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მილერს სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. 2014 წელს მას იგივე პრობლემა ჰქონდა და 9 თვიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო.

ცხელი ამბები