Aa
Aa

"კლიპერსმა" NBA-ის ისტორია გადაწერა! დოკ რივერსის გუნდმა "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა

გამთენიისას დასავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანმა, „ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“, სენსაცია გამოაცხო. დოკ რივერსის გუნდმა სტუმრად NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ დაამარცხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. „მეომრებმა“ პირველი ტაიმი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდნენ. სიტუაცია არც მესამე მეოთხედში შეცვლილა და ერთ მომენტში „უორიორსი“ 31 ქულითაც იგებდა, თუმცა ლოს-ანჯელესელებმა ბოლომდე იბრძოლეს.

ლუ უილიამსის წინამძღოლობით „კლიპერსმა“ თამაშში დაბრუნება მოახერხა და „ორაქლ არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი შოკში ჩააგდო. დოკ რივერსის შეგირდებმა 135-ით 131 იმარჯვეს და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორია გადაწერეს. „კლიპერსმა“ NBA-ის არსებობის განმავლობაში პლეიოფის ეგიდით გამართულ მატჩებში  ყველაზე დიდი „ქამბექი“ დააფიქსირა და საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

ლოს-ანჯელესელთა გმირი, ლუ უილიამსი, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და შეხვედრა 36 ქულითა და 11 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. აღსანიშნავია ჰერელისა და გალინარის დუეტის წარმატებული გამოსვლაც. მათ გუნდს ჯამში 49 ქულა შესძინეს.

„კლიპერსმა“ საშინაო კედლების უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ სერიაში წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", დიდი ალბათობით სტივ კერის გუნდს პლეიოფის დარჩენილი მატჩების ჩატარება დემარკუს კაზინსის გარეშე მოუწევს. 28 წლის ცენტრს სრული გამოკვლევა უახლოეს მომავალში ჩაუტარდება, თუმცა ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით ის „მეომრებს“  ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვეღარ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები