Aa
Aa

"იუვე" ჟოაო ფელიშის აგენტს შეხვდება?

ტურინის "იუვენტუსი" ჟოაო ფელიშის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს და საამისოდ თადარიგს აქედანვე იჭერს. იტალიური პრესის ცნობით, "ვეკია სინიორას" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს დახურულ კარს მიღმა შეხვდება.

როგორც ირკვევა, პარატიჩისა და მენდეშის შეხვედრა სამშაბათსაა ჩანიშნული და ისინი შესაძლო ტრანსფერის დეტალებზე კიდევ ერთხელ დაილაპარაკებენ. მხარეთა ბოლო შეხვედრა მარტში შედგა. აღსანიშნავია, რომ პარატიჩსა და მენდეშს ზაფხულშიც აქტიური კონტაქტი მოუწიათ, რაც კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოაო კანსელოს "იუვეში" ტრანსფერებს უკავშირდებოდა.

"ბენფიკა" მისი თინეიჯერი ფორვარდის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ტურინელები ამ თანხის სრულად გადახდას არ აპირებენ. "ბებერი ქალბატონი" ეცდება, რომ კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი გამოიყენოს, რომლის მხარდამხარ თამაშიც ფელიშის სურვილიცაა.

19 წლის ფელიში "ბენფიკას" ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს, რის შემდეგაც ჯამში ჩატარებულ 36 თამაშში 16 გოლის გატანა შეძლო. მან გასულ ხუთშაბათს "აინტრახტთან" ჰეთ-თრიქი შეასრულა, 3 დღეში კი გაირკვევა, ეყოფა თუ არა ფელიშის გუნდს ანგარიში - 4:2, ევროპა ლიგის 1/2 ფინალში გასასვლელად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები