Aa
Aa

რასელ უესტბრუკი ჩვეულ სტიქიაშია

„ოკლაჰომა სითი თანდერმა“ რეგულარული სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა და მიჯრით 5 შეხვედრა მოიგო, თუმცა პლეიოფის პირველ მატჩში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ დამარცხება ვერ მოახერხა. დემიენ ლილარდი და კომპანია უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით იმარჯვეს.

განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად რასელ უესტბრუკისთვის „პორტლენდთან“ მატჩი მაინც განსაკუთრებული გამოდგა. 30 წლის გამთამაშებელმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა და პლეიოფში დაგროვებული სამმაგი დუბლების რაოდენობით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაუთანაბრდა.

„ბროუდიმ“ „ბლეიზერსის“ წინააღმდეგ აქტივში 24 ქულა, 10 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. პლეიოფებში უესტბრუკზე მეტი სამმაგი დუბლი მხოლოდ ლარი ბერდს, რაჟონ რონდოს, ჯეისონ კიდს, ლებრონ ჯეიმსს და მეჯიქ ჯონსონს აქვთ დაგროვებული.

„პორტლენდისა“ და „ოკლაჰომას“ მომდევნო ჯახი 17 აპრილს შედგება. „ოკლაჰომას“ შანსი ექნება საშინაო კედლების უპირატესობა მოიპოვოს, მაგრამ „ტრეილ ბლეიზერსის“ სტუმრად დამარცხება იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები