Aa
Aa

მაკარიძემ ''ბენფიკასთან'' პენალტი მოიგერია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური ''სეტუბალის'' ქართველმა მეკარემ გიორგი მაკარიძემ ლისაბონის ''ბენფიკასთან'' გასვლით შეხვედრაში პენალტი მოიგერია.

29-ე წუთზე ''დე ლუიზზე'' მაკარიძემ პორტუგალიელი ფეხბურთელის, პიცის დარტყმა მოიგერია და გუნდი  გოლის გაშვებისგან იხსნა. მაკარიძის თანაგუნდელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმა ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გადაწყდა.

პირველი ტაიმი ''ბენფიკას'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პირველ ნახევარში გიორგი მაკარიძემ 3 სეივი შეასრულა. პენალტის გარდა 31-ე წუთზე მაკარიძემ ახლო მანძილიდან დარტყმული ფეხით მოიგერია.

 

გაშვებულ გოლებში მაკარიძის დადანაშაულება საფუძველს მოკლებულია, რადგან ''სეტუბალის'' დაცვის ხაზმა ძალიან სუსტად იმოქმედა.

შესვენების შემდეგ 56-ე წუთზე ''სეტუბალის'' ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს, სწრაფი კონტრშეტევა კი გოლით დასრულდა, ჟოაო ფელიშმა მაკარიძეს ახლო მანძილიდან გაუტანა და ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 3:1 გახდა.

მაკარიძის კარში მეოთხე გოლი 77-ე წუთზე შვეიცარიელმა ჰარის სეფეროვიჩმა შეაგდო და ანგარიში 4:1 გახდა.

საბოლოოდ მატჩი ''ბენფიკას'' გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ლისაბონური კლუბი ''პორტუსთან'' ერთად გათამაშებას ლიდერობს, ხოლო ''სეტუბალი'' 16-გუნდიან ჩემპიონატში 31 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს.

მაკარიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 4 ''სეივი'' შეასრულა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ვებგვერდმა goalpoint.pt-მა twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ვიქტორინა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. საუკეთესო ოთხეულში ჟოაო ფელიშთან, რაფა სილვასთან და ჰარის სეფეროვიჩთან ერთად ქართველი მეკარეც მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები