Aa
Aa

"მილანის" ფეხბურთელებმა გამარჯვების შემდეგ აჩერბის დასცინეს - გატუზოს საინტერესო ინიციატივა

სერია ა-ს 32 ტურში "მილანმა" "ლაციოს" უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (1:0).

ჯენარო გატუზოს გუნდი რომაელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის იბრძვის და ამ მატჩის ვერმოგების შემთხვევაში მათ ადგილს მეორე რომაული კლუბი "რომა" იკავებდა, თუმცა "როსონერიმ" კესის პენალტით 3 ქულის მოპოვება შეძლო.

ყველაზე საინტერესო მოვლენები შეხვედრის შემდეგ განვითარდა. "ლაციოს" მცველი ფრანჩესკო აჩერბიმ, რომელიც 2012-2013 წლებში "მილანში" თამაშობდა მატჩამდე ასეთი რამ თქვა: "ჩვენ მილანში მოსაგებად მივდივართ. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. თუ შეხედავთ და შემადგენლობებს ერთი-ერთზე შეადარებთ ნახავთ, რომ მათ შანსი არ აქვთ".

აჩერბის "მილანის" საყრდენმა ტიემუ ბაკაიოკომ უპასუხა: "ok, აჩერბი. შაბათს შევხვდებით". როგორც მოგეხსენებათ, თამაში "მილანმა" მოიგო, მატჩის შემდეგ ბაკაიოკომ აჩერბის მაისური გაუცვალა, რის შემდეგაც კესისთან ერთად ტრიბუნებთან მივიდა და აჩერბის მაისურით ხელში გამარჯვებას ზეიმობდა.

ეს ფაქტი შეურაცხმყოფელი გამოდგა თავად აჩერბისთვის, რომელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ მაისურები გავცვალეთ, თუმცა რაც ბაკაიოკომ გააკეთა ეს ძალიან საწყენია. ისინი სიტუაციას უფრო მეტად ძაბავენ და მათ სისუსტეს ამჟღავნებენ".

ბაკაიოკომ ბოდიში მალევე მოიხადა: "მე არავის შეურაცხყოფას არ ვცდილობდი. აჩერბის ბოდიშს ვუხდი, თუ ის ამ ქმედებამ გაანაწყენა".

ყველაზე სწორად და ზუსტად კი ჯენარო გატუზმო ისაუბრა: "ბოდიშს ვიხდით. დროა დიდმა კლუბებმა თავიანთ ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში მოქმედება შეუზღუდონ. მათ ტელეფონებთან ჯდომის ნაცვლად ვარჯიშებზე მეტად კონცენტრირება მართებთ".

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები