Aa
Aa

"ბარსა" იოვიჩს შეეშვა - სიაში 5 გვარია - ვის აქვს "კამპ ნოუზე" მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი?

"ბარსელონა" ზაფხულში ერთ-ერთი იმ გრანდთაგანი იქნება, ვინც სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს და ხმაურიანი გარიგებებისთვის იბრძოლებს.

ფრენკი დე იონგის გაფორმების შემდეგ "ბლაუგრანამ" უდიდესი საქმე გააკეთა და ახლა სხვა პოზიციების გაძლიერებაზე ფიქრობს.

ცნობილია, რომ კლუბი ხორდი ალბას დუბლიორს შეიძენს და ასევე ცნობილია, რომ გუნდში მივა ახალი 9 ნომერი და ცენტრალური მცველი, რომელიც სავარაუდოდ მატიის დე ლიხტი იქნება.

ლუის სუარესი ახალი სეზონისთვის 33 წლის ხდება და ბუნებრივია მთელი წელი მის იმედზე ყოფნა მთლად კარგი გადაწყვეტილება ვერ იქნება.

"ელ პისტოლერო" უბრალოდ შეუცვლელი ფიგურაა, ეს ყველას ესმის, თუმცა "სუა" სეზონის ფაქტიურად ნახევარს (თუ მეტს არა) აგდებს და სასურველ კოდიციებში ბოლოს თუ შედის.

ბოლო წლებში ასე ხდება და ეს მისი ქრონიკული ტრავმიანობისა და ასაკის მატების ბრალია. ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ ლუის სუარესის შეცვლა ასე მარტივი ოპერაცია არ გახლავთ.

ურუგვაელმა კლუბში დარჩენის სურვილი უკვე გამოთქვა. იმის გათვალისწინებით თუ როგორ ურთიერთობა აქვს მას მესისთან მოედანზე და მის მიღმა, შეგვიძლიათ 99%-ით ვივარაუდოთ, რომ სუარესი გუნდს არ დატოვებს.

ვალვერდე ფორვარდის შეძენას მაინც გეგმავს. დღემდე მთავარი კანდიდატი ლუკა იოვიჩი იყო, მაგრამ სუარესთან კონკურენციამ 22 წლის სერბი შეაშინა და უკან დაიხია. მსგავსად მოიქცა "ბარსაც".

როგორც Marca-ა წერს, კატალონიელებმა უკან დაიხიეს და იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებენ. ამრიგად, სერბისთვის "ბაიერნი" და "რეალი" იბრძოლებენ.

ვინ უნდა შეიძინოს "ბარსამ"? ის ვინც მოვა 100%-ით ძირითადის ფორვარდი ვერ იქნება და თამაში როტაციაში მოუწევს.

ამჟამად სიაში 5 გვარია: რაშფორდი, გრიზმანი, როდრიგო მორენო, ჟოაო ფელიქსი და ნიკოლა პეპე.

რაშფორდისა და გრიზმანის შეძენა ძალიან ძვირი დაჯდება და პლუს ამას, ისინი ძირითადში გარანტირებულ ადგილს მოითხოვენ. რაც შეეხება პეპეს, ფელიქსსა და როდრიგოს, მათთან ვითარება სხვაგვარია.

სამივე მათგანს ფორვარდის გარდა თამაში ფლანგზეც შეუძლიათ, რაც ვალვერდეს მეტ არჩევანს აძლევს.

ზაფხული კარსაა მომდგარი და კლუბები ტრანსფერებზე მუშაობას უკვე იწყებენ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები