იაშვილი: ''ანანიძის საქციელში ეჭვის შეტანის საბაბი არ გვაქვს''
Aa
Aa

იაშვილი: ''ანანიძის საქციელში ეჭვის შეტანის საბაბი არ გვაქვს''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ჯანო ანანიძეს ესაუბრა და ''კრილია სოვეტოვის'' ფეხბურთელი თამაშისთვის მზად არ იყო.

ვაისი: ''შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ანანიძეს ვესაუბრე, ჯანო კიდევ ერთი მაღალი დონის მატჩის ჩასატარებლად მზად არ იყო. გადაწყვეტილება თავად მივიღე და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. სამწუხაროდ ჯანოს რესურსი არ ჰქონდა, რომ მოკლე პერიოდში ასეთი დონის ორი მატჩი ჩაეტარებინა.ის ვერ დაგვეხმარებოდა 100 პროცენტით, ვერ დაგვეხმარებოდა, როგორიც გვჭირდებოდა ჯანო.

ორი მარცხის შემდეგ გასახდელში სასურველი განწყობა არ გვაქვს, თუმცა ჟურნალისტების საქმეა, რომ გვაკრიტიკოთ და მე ვიღებ ამ კრიტიკას, რომელიც ამ ორ შეხვედრასთან დაკავშირებულია.

როდესაც შვეიცარიასთან და ირლანდიასთან გამართული მატჩების ჩანაწერებს ვნახულობ, ბევრ შეცდომას ვხედავ, თუმცა ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომები მოგვდის. როგორც შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ვითამაშეთ, ასეთი მომზადებით ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა.''

ანანიძის თემას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც შეეხო: ''როცა ფეხბურთელს მუხლი გასიებული აქვს, არ გვაქვს საბაბი მის საქციელში ეჭვი შევიტანოთ. ანანიძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს.

ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი გარემოა. სხვა შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწევდა.

რაც შეეხება კვერკველიას, ფეხბურთში არის ინფორმაცია, რომელიც გასახდელში უნდა დარჩეს.''

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე, რომელმაც სანაკრებო მატჩი გამოტოვა, სანაკრებო შეხვედრიდან 3 დღეში კლუბის შემადგენლობაში სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და 74-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ყველაზე უცნაური არის ის, რომ ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თამაშიდან მეორე დღეს, ირლანდიასთან გამართული მატჩიდან რამდენიმე საათში რუსულ კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. 27 დეკემბერს კლუბის პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანო ანანიძე ჯანმრთელადაა და ტრავმა არ აწუხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები