ვაისი არაბიძეზე: ''მან პროგრესი უნდა გააგრძელოს, მწვრთნელთან მეტი კომუნიკაცია სჭირდება''
Aa
Aa

ვაისი არაბიძეზე: ''მან პროგრესი უნდა გააგრძელოს, მწვრთნელთან მეტი კომუნიკაცია სჭირდება''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გიორგი არაბიძის შესახებ ისაუბრა. ასევე სლოვაკმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს ესწრება და რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება. მათ შორისაა თბილისის ''დინამოს'' მოთამაშე აკაკი შულაია.

გიორგი არაბიძე: ''იმ დონის ტალანტს, როგორიც გიორგი არაბიძეა, კლუბში მეტი სათამაშო დრო სჭირდება. მან პროგრესი უნდა გააგრძელოს. მან უნდა აჩვენოს იმ დონის ხარისხი, რაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე საჭიროა.

არ ვიცი ისეთი მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახებს. ფეხბურთელებს და ასეთ ტალანტებს, რომლებსაც კლუბში მწვრთნელებთან პრობლემა აქვთ, მწვრთნელთან მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ, რომ სწორად განვითარდნენ.

ანალოგიურად თორნიკე ოქრიაშვილს საკლუბო დონეზე მწვრთნელთან მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმაციის მიღება სჭირდება.

გიორგი არაბიძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა, მასზე და ამ ტიპის ფეხბურთელებზე დაკვირვებას ვაგრძელებთ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ტრავმის გამო ხშირადაა პრობლემები. ამიტომ ჩვენ ყველა ფეხბურთელზე უნდა გვქონდეს ინფორმაცია.

ჩვენ ვაკვირდებით, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს. თბილისში ყოფნისას ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი შეხვედრა ვნახო.

ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი ინტერესის სფეროშია. მათ შორისაა აკაკი შულაია. მას კარგი სიჩქარე აქვს. საქართველოს ნაკრების კარი ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებისთვის დახურული არაა. ქართული კლუბებიდან ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში ხშირად მოხვედრილან.''

ამ თემაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა: ''ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს არ ესწრება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებისთვის ეროვნული ნაკრების კარი დახურული არაა. მაგალითად ოთარ კიტეიშვილი და ლევან გეგეჭკორი ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვდნენ.

ვლადიმირ ვაისს მხედველობის არეში ბევრი ფეხბურთელი ჰყავს. კონკრეტული ფეხბურთელის თამაშის ხილვა გამოძახებას არ ნიშნავს. მთავარი მწვრთნელი აკვირდება როგორც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოთამაშეებს, ასევე ლეგიონერებს. ასე რომ უცხოეთში ლეგიონერების თამაშის სანახავად ჩასვლაც უწევს.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები