Aa
Aa

აზარი: "ზიზუ“ ფეხბურთს სჭირდება და ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდა“

„ლონდონის ჩელსის“ ბელგიელი სუპერვარსკლავი, ედენ აზარი, ზინედინ ზიდანის დაბრუნებით გახარებულია. „ზიზუმ“ „სამეფო კლუბის“ თავკაცის პოსტი 11 მარტს ჩაიბარა და მადრიდელთა გულშემატკივრები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ზაფხულში ზიდანი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ედენ აზარია. ცოტა ხნის წინ ზინედინმა ბელგიელი შეაქო და მას ფანტასტიკური ფეხბურთელი უწოდა.

28 წლის შემტევმა ფრანგ სპეციალისტს ვალი RMC Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაუბრუნა და განაცხადა: „რეალის“ რიგებში არ ვთამაშობ, მაგრამ ზიდანის დიდი გულშემატკივარი ვარ. „ზიზუ“ ფეხბურთს სჭირდება და ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდა“.

„ზიდანის გადაწყვეტილება „რეალისთვის“ და მისი ქომაგებისთვის სასიამოვნო სიახლე იყო, რასაც სხვა კლუბებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. მადრიდელთ ოპონენტებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან „ლოს ბლანკოსი“ ზინედინთან ერთად წარმატებას მუდამ აღწევს“.

ინტერვიუს მიმდინარეობისას აზარს სამომავლო გეგმების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც ბელგიელმა ასეთი პასუხი გასცა: „ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა ამ თემის შესახებ საუბარი არ მსურს. სეზონის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი და „ჩელსისთან“ ერთად მნიშვნელოვანი მატჩები მაქვს ჩასატარებელი. იმედი მაქვს ევროპა ლიგას მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ. მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვნახოთ რა მოხდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები