Aa
Aa

იუნაიტედი VS ბარსელონა - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად დაამარცხა და საპასუხო დაპირისპირებას შესამჩნევი უპირატესობით ხვდება. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე გავიდა, როცა სუარესის თავური დარტყმა შოუს მოხვდა და ინგლისელთა კარში აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ზუსტი კარში დარტყმის გარეშე დაასრულა, რაც 2005 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა, მაშინ „წითელ ეშმაკებს“ კარში იტალიურმა „მილანმა“ არ დაარტყმევინა.

ასევე ძალიან საინტერესოა, რომ „ბარსასთან“ მატჩისას მისმა მეტოქეებმა გასული სეზონიდან მოყოლებული უკვე მე-6 ავტოგოლი გაიტანეს, ეს მაჩვენებელი გუნდში მეორეა და ამაზე მეტჯერ „ბლაუგრანასთვის“ მხოლოდ ლიონელ მესიმ შეაგდო, რომელსაც ხსენებულ პერიოდში 14 შედეგიანი დარტყმა აქვს.

კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს აზრით, მისი გუნდი ამ გამარჯვებით ბედნიერი უნდა იყოს, თუმცა იმის დავიწყება არ შეიძლება, როგორ დაამარცხა „იუნაიტედმა“ 1/8 ფინალში ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“.

„გამარჯვების მიუხედავად მანჩესტერთან კიდევ ერთი მატჩი გვაქვს გასამართი და ვიცით რომ მეტოქეს „პსჟ“-სთან მიღწეული წარმატება ჯერ კიდევ ახსოვს. რთული თამაში იყო, რომელშიც რამდენიმე მომენტში გოლი კინაღამ გავუშვით. სუარესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის თამაშის დაწყებიდანვე ყველა ბურთისთვის იბრძოდა და იუნაიტედის მცველებს პრობლემებს უქმნიდა. საერთო ჯამში მთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. გასვლით შეხვედრაში გამარჯვება ნამდვილად სასიამოვნოა.“

მესისა და სუარესის ფაქტორს გაუსვა ხაზი ოლე-გუნარ სულშერმა, რომელმაც „იუვენტუსთან“ და პსჟ-სთან სტუმრად მიღწეული გამარჯვებები გაიხსენა, რითაც მიანიშნა, რომ წყვილში ჯერ არაფერი დამთავრებულა.

„გოლი სუარესმა და მესიმ შექმნეს, დიდებული და გონივრული მოძრაობებით. თუმცა ცოტა გაუმართლათ, რადგან ბურთი შოუს მოხვდა. მაგრამ ისინი გოლს ყოველთვის იტანენ, მსგავსი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში კი ყოველთვის რთულია. სტატისტიკურად საშინაო მატჩებში დიდად არ ვბრწყინავთ, მაგრამ გასვლით შეხვედრებში ჩვენ „იუვენტუსი“ და „პსჟ“ დავამარცხეთ. ახლა კი „ბარსელონაში“ უნდა ჩავიდეთ და მათი დამარცხება ვცადოთ. ვიცით რომ ამ წყვილში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ჩატარებულ შეხვედრაზე ფიქრის დრო აღარაა, ახლა დროა „კამპ ნოუზე“ გასამართ მატჩზე ვიფიქროთ. ისინი საკუთარ მოედანზე დამარცხებას არ არიან მიჩვეულები, მაგრამ ჩვენ მოგება შეგვიძლია.“

ინგლისელთა ოპტიმიზმი გასაგები და მისაღებია, თუმცა „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საშინაო შეხვედრა 2013 წლის შემდეგ არ წაუგია, იქიდან მოყოლებული კი „ნოუ კამპზე“ 30 მატჩი ჩაატარა. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 16 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები