სუარესმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - იოვიჩი ყოყმანობს... რას აპირებს
Aa
Aa

სუარესმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - იოვიჩი ყოყმანობს... რას აპირებს "ბარსა"?

ზაფხულში "ბარსელონას" დიდი სატრანსფერო გეგმები აქვს. კატალონიელები მინიმუმ 2-3 ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან.

გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს და მათ რა თქმა უნდა შესაბამისი დონის ახალწვეულები ჩააანაცვლებენ.

ყველაზე აქტუალური ცენტრფორვარდის თემა გახლავთ. ლუის სუარესი 32 წლისაა და უკვე მისი შეცვლაა საჭირო.

როგორც ესპანური პრესა წერდა, "ბლაუგრანა" "აინტრახტის" სერბ ფორვარდს ლუკა იოვიჩს აკვირდებოდა და მისი აგენტისგან პირველი თანხმობა უკვე მიღებულიც ჰქონდა.

თავდაპირველად ტრანსფერის წინააღმდეგი არც იოვიჩი იყო, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და ეს ლუის სუარესის დამსახურებაა.

ურუგაველმა ფორვარდმა ფორმა დაიბრუნა და სეზონის გადამწყვეტ ნაწილში დიდებულად ათამაშდა. "ელ პისტოლერომ" კლუბს განუცხადა, რომ მას კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

როგორც ცნობილია ურუგვაელს ხელშეკრულება 2021 წელს უსრულდება. Mundo-ს ინფორმაციით, "ბარსა" სუარესის სურვილის დაკმაყოფილებას გეგმავს.

ამ ყველაფრის ფონზე იოვიჩმა პოზიცია შეიცვალა. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის სერბ ფორვარდს არ სურს, რომ სუარესის დუბლიორი იყოს, მას ძირითადში გარანტირებული ადგილი უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სხვა წინადადებებს განიხილავს.

იოვიჩს მსურველები ნამდვილად არ აკლია. მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი" კბილებს ილესავენ და "აინტრახტთან" მოლაპრაკებების დაწყებას გეგმავენ.

რა თქმა უნდა, იოვიჩი თანხმობის შემთხვევაში მადრიდშიც და მიუნხენშიც კლუბის მთავარი ცენტრფორვარდი იქნება, თუმცა ჯერ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.

უცნობია თუ რას აპირებს "ბარსა". ცნობილია, რომ ვალვერდეს ახალი ფორვარდის დამატება სურს და 32 წლის ტრავმებისკენ მიდრეკილი სუარესის იმედად ყოფნას ახალი სეზონიდან აღარ აპირებს.

კატალონიელთა სიაში გრიზმანი და რაშფორდიც იმყოფებიან, თუმცა მათი ტრანსფერი ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურად მოსჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები