Aa
Aa

"ფერგიუსონი ჩემთვის მეორე მამასავით იყო" - ინტერვიუ ხერარდ პიკესთან

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წინ ხერარდ პიკემ ბრიტანულ გამოცემასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ესპანელმა მცველმა „მანჩესტერში“ გატარებული დრო გაიხსენა. გაავლო პარალელები „იუნაიტედსა“ და „ბარსელონას“ შორის და ქომაგებისთვის კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენა.

-თქვენ ამ ქვეყნად ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებში გითამაშიათ - „მიდლბსო“, „ქრიუ“, „ბარტონი“, „ბოლტონი“... „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებულმა ხსენებულმა შეხვედრებმა რა გასწავლათ?

„(იცინის) 2004 წელს „ქრიუსთან“ თასის შეხვედრაში, რომელიც 0-0 დასრულდა ჩემი დებიუტი შედგა. Fa Cup-ზე კი ჩემი სრული დებიუტი „ექსეტერის“ წინააღმდეგ შედგა. ვფიქრობ, რომ შენ უკეთ იზრდები და ფეხბურთელად ყალიბდები, როდესაც თამაში ასეთ ადგილებში გიწევს. და თუ ეს ზამთრის პერიოდში მოხდა, ამ შემთხვევაში ხომ განსაკუთრებით.

„მანჩესტერში“ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მსგავსი შეხვედრების ჩატარებამ გამაძლიერა. სწრაფად ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარა“.

-რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენთვის სერ ალექს ფერგიუსონს უთქვამს? და ესაუბრეთ თუ არა მას გასულ წელს გადატანილი ოპერაციის შემდეგ?

„მან ჩემთვის ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. თავიდან ჩემი ინგლისური საკმაოდ სუსტი იყო. სერ ალექსის შოტლანდიური აქცენტის გაგება ურთულესი გახლდათ, თან ის საკმაოდ ჩქარა საუბრობდა. მან ეს ყველაფერი შეამჩნია და ჩემთან მეტი დროის გატარება გადაწყვიტა.

ამ ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. ფერგი ძალიან დამეხმარა. ზოგადად ხომ ხედავთ თუ როგორი რთულია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის საზღვარგარეთ წასვლა და ფეხის მოკიდება. ამის გამო ბევრი მოთამაშე იკარგება ხოლმე. შესაძლოა მათ სერ ალექსისნაირი ადამიანი არ ჰყავთ, რომ მისგან ამხელა დახმარება მიიღონ. როდესაც „ბარსელონაში“ დაბრუნება გადავწყვიტე, ის ამ ფაქტს გაგებით მოეკიდა. ხედავდა, თუ როგორი გულწრფელიც ვიყავი.

რაც შეეხება მის ოპერაციას, როდესაც ყველაფერი კარგად დასრულდა მე უდიდესი სიხარული დამეუფლა. ის ჩემთვის მეორე მამასავით იყო და ცხოვრების ბოლომდე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“.

-იუნაიტედის რომელმა მოთამაშემ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი გავლენა და რატომ?

„ეს რიო ფერდინანდი იყო. მისი პოზიცია, ლიდერის თვისებები და გადაცემები - ამ სამი თვისების გამო, მე მისგან ბევრს ვსწავლობდი.

ჩემი აზრით, ის პრემიერლიგაში საუკეთესო მცველი იყო“.

-თქვენი მანჩესტერში ყოფნის დროს ოლე გუნარ სულშერთან რა ურთიერთობა გქონდა? ის ისეთივე წყნარია როგორადაც ერთი შეხედვით გამოიყურება? და თვლით თუ არა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურა იდეალური იყო?

„ის შესანიშნავი მოთამაშე და ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი იყო. საკმაოდ წყნარი გახლდათ და გასახდელში თითქმის არ ლაპარაკობდა. ხანდახან ჩვენ ყირაზე გადავდივართ ხოლმე და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ჩუმი მოთამაშეები გუნდის გაწვრთნას ვერ შეძლებენ.

მეგობრებს ვუთხარი, რომ ის „მანჩესტერისთვის“ საუკეთესო არჩევანი გახდებოდა და ჯერჯერობით არც შევმცდარვარ. ის დიდებულ სამუშაოს ასრულებს და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დარჩეს გუნდში დიდი ხნით.

ვფიქრობ, ქომაგებიც ჩემს პოზიციას იზიარებენ“.

-თქვენ და ევრა გასახდელში ყველაზე მხიარულები იყავით. შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არის „ბარსას“ გასახდელში ნამდვილი ხუმარა?

„ხუმრობების უმაღლესი დონე - ულაპარაკოდ ეს არის ის, რაც „მანჩესტერიდან“ ყველაზე მეტად მენატრება. ინგლისური იუმორი ძალიან მიყვარს. ეს შავი იუმორი დიდებულია.

„ბარსელონაშიც“ საკმაოდ ხშირად ვხუმრობ, მაგრამ არა იმდენად როგორც „მანჩესტერში“. ვფიქრობ, რომ ასაკში შევდივარ.

ხორდი ალბა ძალიან ხუმარაა, მაგრამ „მანჩესტერის“ პერიოდს მაინც ვერაფერი შეედრება“.

-ვიცით, რომ თქვენ და მესი 13 წლის ასაკიდან ერთად იზრდებოდით. მას 4-5 მოთამაშის მოტყუება, რომ შეუძლია ეს ვიცით. ტექნიკის გარდა, პიროვნულად მას რა გამოარჩევს?

„ხალხი ფიქრობს, რომ როდესაც ჩვენ მესიზე ვამბობთ - „ჩვენ პირველივე დღეს დავინახეთ, რომ მას განსაკუთრებული ტალანტქი ჰქონდა“ - ბევრს ჰგონია, რომ ამ ყველაფერს ვიგონებთ, მაგრამ რეალურად ყველაფერი ზუსტად ასე იყო.

ჩვენი იმჟამინდელი მწვრთნელი როდოლფო ბორელი, რომელიც ამჟამად პეპთან ერთად „სიტიში“ მუშაობს, სულ გვეუბნებოდა რომ ვარჯიშებზე მესისთვის ზიანი არ მიგვეყენებინა. მაგრამ, ჩვენ ისედაც არ შეგვეძლო, რომ მისთვის ზიანი მიგვეყენებინა, რადგან მასთან შეხებასაც ვერ ვახერხებდით.

ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ეს მაინც შეუძლებელი იყო. მსგავსი დღესაც ხდება - ის საუკეთესო მოთამაშეა და მასთან ახლოს მისვლასაც კი ვერავინ ახერხებს.

ის მულტფილმის პერსონაჟივით არის... მესი შენ გამოწვევას გიგზანის, შენს წინააღმდეგ თამაშობს, მაგრამ მისთვის ბურთის ართმევას ვერ ახერხებ. მას ნებისმიერი წერტილიდან და სიტუაციიდან შეუძლია გატანა. საათობით შემიძლია მესიზე ვისაუბრო და მე მის ნეგატივს ვერ აღმოვაჩენ.

ის ძალიან კარგი ადამიანია და მე ამაყი ვარ, რომ მისი მეგობარი ვარ“.

-როგორ ფიქრობთ, პეპ გუარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ახალი სისტემის შემუშავება დასჭირდება, თუ ამას „ბარსელონური“ მოდელით კვლავ შეძლებს?

„რაც ჩვენ „ბარსელონაში“ პეპთან ერთად გავაკეთეთ, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ითამაშოს „სიტისთან“ ერთად მსგავს სტილში, თუმცა რასაც ჩვენ ვაკეთებდით და როგორადაც ვთამაშობდით, ეს სპორტის ისტრიაში უნიკალურად ითვლება.

რა თქმა უნდა, მას „სიტიში“ ისტორიის დაწერა და მემკვიდრეობის დატოვება შეუძლია და როდესაც ამის დრო მოვა, თქვენ შეგიძლიათ პეპს კითხვები დაუსვათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ამ სეზონში არ მოხდება, რადგან ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგეგმავთ“.

-თქვენ ეკონომისტის ხარისხი გაქვთ. შექმენით თქვენი კომპანია, დევისის თასზე ინოვაციებს გეგმავთ, შეიძინეთ საფეხბურთო კლუბი „ანდორა“ - სად ხედავთ თქვენს ახალ გამოწვევას?

„როდესაც დილით ვიღვიძებ და მუშაობას კვლავ მსგავსი შემართებით ვიწყებ, თავს მსოფლიოში უბედნიერეს მამაკაცად ვგრძნობ.

მომწონს, როდესაც დაკავებული ვარ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მცირედით კმაყოფილდება. ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ყოველდღიურად ვიღებ, სიამოვნებას ვიღებ ჩემი გუნდისგან „ბარსელონასგან“, რომელიც ყოველთვის მიყვარდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები