Aa
Aa

ლივერპული VS პორტუ - მატჩის შემდეგ

განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური ფორა შეიქმნა „ლივერპულმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „პორტუს“ 2:0 მოუგო. მერსისაიდელებმა თამაში იდეალურად გახსნეს და უკვე მე-5 წუთზე ნაბი კეიტას გოლით დაწინაურდნენ, რასაც 26-ე წუთზე ბობი ფირმინოს შედეგიანი დარტყმაც მოჰყვა.

დარჩენილ დროში შექმნილი არაერთი მომენტის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები პორტუგალიაში 2:0-დან ითამაშებენ.

საკუთარი გუნდის გამარჯვებას 100%-ით დამსახურებული უწოდა იურგენ კლოპმა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მისმა შეგირდებმა კარგი თამაში აჩვენეს და არაერთი რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს.

„გამარჯვებას 100%-ით ვიმსახურებდით. ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და უამრავი სახიფათო მომენტი გვქონდა, რომლებიც ძირითადად სალაჰის, ჰენდერსონისა და ალექსანდერ არნოლდის ჩაწოდებებითა და პასებით იქმნებოდა. საერთო ჯამში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ახლა დროა მეორე მატჩისთვის მოვემზადოთ, რადგან „პორტო“ საპასუხო დარტყმისთვის ყველაფერს გააკეთებს. წინ კიდევ ერთი რთული თამაში გველოდება, რომლისთვისაც მზად ვიქნებით.“

პორტუგალიელთა დამრიგებლის, სერჟიო კონსეისაოს თქმით, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტია. კონსეისაოს აზრით, მისმა გუნდმა გოლი დაიმსახურა, თუმცა ამ წაგებით არაფერი მთავრდება და „დრაგაოზე“ სათამაშო კიდევ მინიმუმ 90 წუთია.

„გუნდი რომელსაც ვეთამაშეთ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, თუმცა ჩემი აზრით ჩვენ გოლის გატანა შეგვეძლო და ვიმსახურებდით კიდეც. წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო, თანაც ჩვენს მოედანზე, ასე რომ მინდა ყველა გულშემატკივარს მივმართო რომ სტადიონზე მოვიდნენ და ის ატმოსფერო შექმნან, რომელიც „დრაგაოზე“ გვაქვს ხოლმე. რადგან მოედანზე ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლას შევეცდებით.“

„პორტუსა“ და „ლივერპულის“ განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს, პორტუში, „დრაგაოზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები