ენტონი დევისის გადაბირების მცდელობების შემდეგ ლებრონს თანაგუნდელები აღარ ენდობოდნენ
Aa
Aa

ენტონი დევისის გადაბირების მცდელობების შემდეგ ლებრონს თანაგუნდელები აღარ ენდობოდნენ

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის“ მიმდინარე სეზონი ნამდვილ კატასტროფად იქცა. ლებრონ ჯეიმსის დამატების მიუხედავად მათ მხოლოდ 37 შეხვედრაში იმარჯვეს და პლეიოფს მიღმა დარჩნენ. წამყვანი კალათბურთელების ტრავმები და ენტონი დევისის გადაბირების მცდელობისას განცდილი კრახი - აშკარაა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა. მდგომარეობა ლებრონ ჯეიმსის ფაქტორმაც გაამწვავა. "მეფე" ნელ-ნელა თანაგუნდელებისგან თავს უფრო და უფრო შორს იჭერდა და სეზონის დასკვნით ნაწილში "ლეიკერსის" მოთამაშეები მას საერთოდ აღარ ენდობოდნენ.

მოგეხსენებათ საზარდულის ტრავმის გამო ლებრონს დიდი დრო გაუცდა და სიტუაცია სწორედ ამ პერიოდში გართულდა. ჯეიმსი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და გუნდს გასვლით მატჩებში ვერ (ან არ) მიჰყვებოდა. ლოს-ანჯელესში ჩატარებულ შეხვედრებზე კი დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიდიოდა და თანაგუნდელებს ფაქტობრივად არ ეკონტაქტებოდა. "ლეიკერსის" მოთამაშეებს ლებრონის მიმართ დამოკიდებულება სწორედ ამ დროს შეეცვალათ.

აღსანიშნავია, რომ რაჟონ რონდო ჯეიმსისგან აბსოლუტურად განსხვავებულად იქცეოდა. 33 წლის გამთამაშებელმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, თუმცა "ლეიკერსი" არცერთი წამით არ მიუტოვებია. რონდო ვარჯიშებში შეძლებისდაგვარად მონაწილეობდა და შეხვედრების დასრულების შემდეგ გასახდელში თანაგუნდელებს ამხნევებდა.  რონდოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ერთი ისტორია იდეალურად ასახავს.  26 დეკემბერს, როცა ლოს-ანჯელესელები „საკრამენტოსთან“ სათამაშოდ გაემგზავრნენ, რონდო თვითმფრინავს დახვდა და მოთამაშეებს ნამცხვრებით შეეგება.

მოგეხსენებათ "ლეიკერსმა" ენტონი დევისის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთა. ლოს-ანჯელესელებმა „ნიუ ორლეან პელიკანსს“ რამდენიმე შეთავაზებით მიმართეს, თუმცა მათი დაყოლიება ვერ მოახერხეს. "ლეიკერსი" მზად იყო ნებისმიერი ახალგაზრდა დაეთმო და უარს არც ვეტერანი მოთამაშეების გაცვლაზე ამბობდა. გუნდში სიტუაცია სწორედ ამიტომ დაიძაბა.

"ლეიკერსის" ახალგაზრდებმა ჯეიმსის მიმართ ნდობა დაკარგეს. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფრის უკან "მეფე" იდგა და ლებრონი მათ მოშორებას ცდილობდა. შემდეგ რაც მოხდა თავადაც ნახეთ... გამთენიისას კი ლოს-ანჯელესური გუნდი მეჯიქ ჯონსონმაც დატოვა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები