სკალონი ჰოსპიტალიდან გაწერეს
Aa
Aa

სკალონი ჰოსპიტალიდან გაწერეს

არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის დღეს დილით უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. იგი ესპანეთის ქალაქ მალიორკაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როცა ავტომობილი დაეჯახა და თავი ქვაფენილს დაარტყა.

ავტომობილის მძღოლს მიმალვა არ უცდია, სამართალდამცავები ადგილზე მან თავად გამოიძახა, რის შემდეგაც სკალონი საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც იქ დადგინდა, 40 წლის მწვრთნელს სხვა დაზიანებებთან ერთად, თავის ტვინის ტრავმაც აღენიშნებოდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, სკალონის ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა, შემდეგ კი საერთოდ გაირკვა, რომ საგანგაშო მართლაც არაფერია და რამდენიმე საათის წინ პაციენტი უკვე ჰოსპიტალიდანაც გაწერეს.

ლიონელ სკალონის სახეზე რამდენიმე სისხლჩაქცევა აქვს, თუმცა, მთავარია, რომ მოტეხილობები არ აღენიშნება და სარეაბილიტაციო პერიოდი წესით მოკლე დროში უნდა დასრულდეს.

ახალგაზრდა სპეციალისტმა არგენტინის ნაკრები ზაფხულისთვის უნდა მოამზადოს. "ალბისელესტე" ბრაზილიაში გასამართ "კოპა ამერიკაზე" ითამაშებს, რომელიც 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები