კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება?
Aa
Aa

კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება?

მილანის "ინტერისა" და ანტონიო კონტეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი იწერება. Gazzetta dello Sport-ი საერთოდ ავრცელებს ცნობას, რომ კონტე "ნერაძურისთან" კონტრაქტის დეტალებზეც შეთანხმებულია და წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

თუკი ასე მოხდა, 49 წლის სპეციალისტი იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. ამჟამად ეს სტატუსი მასიმილიანო ალეგრის აქვს, რომელსაც "იუვენტუსი" წელიწადში 7 მილიონ ევროს უხდის.

კონტე და "ინტერის" გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და წლების მანძილზე "იუვენტუსის" აღორძინებაში დიდი წვლილი შეიტანეს. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, კონტე "იუვეს" მთავარ მწვრთნელად სწორედ მაროტას ინიციატივით დაინიშნა, რომელიც იმ პერიოდში "ბებერი ქალბატონის" გენერალური დირექტორი იყო, ეს თანამდებობა კი გასული წლის შემოდგომაზე ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი "ინტერს" ლუჩიანო სპალეტის ამ ზაფხულსვე გათავისუფლება მოუწევს, მაშინ მას საკომპენსაციო თანხა - 25 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

"ნერაძური" ამჟამად სერია A-ში მე-3 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, მე-5 ადგილოსანთან მილანელებს 5 ქულიანი უპირატესობა აქვთ. რაც შეეხება ბოლო 7 ტურს, "ინტერის" მეტოქეები "ფროზინონე", "რომა", "იუვენტუსი", "უდინეზე", "კიევო", "ნაპოლი" და "ემპოლი" იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები