Aa
Aa

"ბეტისმა" კაპაროსს თანადგომა გამოუცხადა

ესპანური "სევილიას" მთავარი მწვრთნელი, ხოაკინ კაპაროსი ქრონიკულ ლეიკემიას ებრძვის. ამის შესახებ მან "ვალიადოლიდთან" გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა.

"ქრონიკული ლეიკემია მაქვს და მასთან ბრძოლა მიწევს, თუმცა ეს ჩემს სამუშაოს ხელს ვერ უშლის. შემიძლია, რომ გუნდი ყოველდღიურად ვავარჯიშო და ჩემი პროფესიისგან სიამოვნება მივიღო. მინდა, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადავუხადო". - თქვა 63 წლის კაპაროსმა.

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (ქმლ) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური სიმსივნეა. არა მხოლოდ გავრცელებული, არამედ კარგად შესწავლილიც. ქრონიკულ მიელოიდურ ლეიკემიას ერთი უცნაურობა ახასიათებს - ჯერ ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს და მერე მწვავდება, რაც ნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე ის მწვავე ლეიკემიებზე გაცილებით ნელა პროგრესირებს.

კაპაროსს თანადგომა "სევილიას" ყველაზე პრინციპულმა მეტოქემ, "ბეტისმა" გამოუცხადა, რომელმაც სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გამოცდილ მწვრთნელს ჯანმრთელობა უსურვა.

"ჩვენი კლუბის სახელით, "სევილიას" მთავარ მწვრთნელ ხოაკინ კაპაროსს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ჩვენ მას თანადგომას ვუცხადებთ". - ვკითხულობთ "ბეტისის" ოფიციალურ განცხადებაში.

ხოაკინ კაპაროსმა სამწვრთნელო საქმიანობა 1981 წელს დაიწყო და მას შემდეგ უამრავი კლუბი გაწვრთნა, თუმცა გამოსარჩევი წარმატებისთვის არსად მიუღწევია. 

შეგახსენებთ, რომ "სევილიასთვის" ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ექმნება. შარშან, ანდალუსიელთა არგენტინელ თავკაცს, ედუარდო ბერისოს ადრეული სტადიის პროსტატის სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და ის ამჟამად ჯანმრთელადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები