Aa
Aa

"ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ შეხედვით ვუგებდით" - სერხიო ბუსკეცის ინტერვიუ

სერხიო ბუსკეცმა „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო, ხოლო ლა ლიგა 7-ჯერ. მის მდიდარ კარიერაში არსებობს გამორჩეული მომენტი, გამორჩეული მატჩი, რომელიც მისთვის კარიერის მწვერვალად ითვლება და ეს 2011 წელს „უემბლიზე“ გამართული ფინალი გახლავთ, როდესაც კატალონიელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1 სძლიეს.

„მანკუნიანელებთან“ გასამართი მეოთხედფინალური ჯახის წინ, ბუსკეცმა ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა და უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

30 წლის შუახაზელმა 2011 წლის ფინალი დეტალურად გაიხსენა, მან ასევე „ლა მასიაზე“, ჩავი-ინიესტა-მესის ტრიოზე, აბიდალის გმირობაზე, გუარდიოლასა და „იუნაიტედთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„მესის გვერდით ყოველდღიური ვარჯიში ჩვენთვის ნამდვილი ბედნიერებაა. ბოლო 11 წელია მის მხარდამხარ ვთამაშობ და მისგან უკვე მსგავსი რაღაცების ხილვა აღარ მიკვირს.

მესის მიერ მატჩებში გატანილი გოლები ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, ის ამას ყოველი ვარჯიშის დროს აკეთებს. ის მსგავსი ბურთების გატანას ბოლო სეზონებშიც განაგრძობს. ლეო უნიკალურია“.

მას შემდეგ, რაც სერხიო ბუსკეცი „ბარსას“ პირველი გუნდის წევრია, მის გვერდით ყოველთვის თამაშობდა მესი. მან იხილა თუ როგორ გახდა თინეიჯერი ლეო გუნდის კაპიტანი. ბუსკეცმა ნახა თუ როგორ აიღო მესიმ ხელში მიკროფონი და წინასასეზონო მატჩისას „კამპ ნოუზ“ მიმართა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნებოდა.

„არ ვიცოდით, რომ ის ამას იტყოდა“, ამბობს ბუსკეცი. „თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა გუნდს სურს. ეს ხომ ნამდვილად ასეა? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტიტულია და მისი მოგება ძალიან გვინდა. უკვე დიდი ხანია მას არ დავუფლებივართ“.

ბუსკეცმა „დიდ ხანში“ 2015 წლიდან დღემდე პერიოდი იგულისხმა, როცა „ბარსამ“ ლიგის თასი უკანასკნელად ბერლინში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ აღმართა.

სერხიო  კლუბის საუკეთესო პერფორმანსად 2011 წლის „უემბლის“ ფინალს ასახელებს, როდესაც „ბარსამ“ „მანჩესტერს“ 3:1 სძლია.

„ეს იყო გუარდიოლას გუნდის საუკეთესო პერფორმანსი. ეს გახლდათ კულმინაციური მომენტი. ეს იყო მომენტი, როდესაც ჩვენი შედეგები გაცილებით ნათელი და კაშკაშა იყო. იდეა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ გვსურდა თამაში და მინდორზე ჩვენი უპირატესობა ცალსახა იყო. ეს გახლდათ უმაღლესი წერტილი“.

წლების შემდეგ ჩავიმ უეინ რუნის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მას 2011 წლის ფინალის დროს შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე უთხრა: „ეს საკმარისია. თქვენ მოიგეთ, შეგიძლიათ ჩვენს ირგვლივ ბურთის გორება შეწყვიტოთ“. მაიკლ კერიკმა მოგვიანებით ასევე აღიარა, რომ ეს იყო საუკეთესო ფეხბურთი, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

„შენ ხანდახან შენი მეტოქის იმედგაცრუებას გრძნობ, როდესაც ასეთ სიმაღლეზე იმყოფები“, განაგრძო ბუსკეცმა. „ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ და მათ ბევრი ზიანი მივაყენეთ. უბრალოდ ბურთი დავიჭირეთ და „მანჩესტერელებს“ მის მოსაპოვებლად ბევრი სირბილი უწევდათ.

შემდეგში მათი აღიარება - ჩვენ საუბარი გვაქვს დიდებულ მოთამაშეებზე და მწვრთნელზე, როგორიც არის სერ ალექს ფერგიუსონი. ეს არის უდიდესი შეფასება, რომელიც შენ შეგიძლია მიიღო“.

ბუსკეცი, მესი და პიკე იმ დიდებული ფინალის უკანასკნელი წარმომადგენლები როდი არიან. ერიკ აბიდალი, რომელმაც მატჩამდე ორიოდი თვით ადრე სიმსივნე დაამარცხა და უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, ამჟამად კლუბის სპორტულ დირექტორად მუშაობს.

„მისმა გამოჯანმრთელებამ ჩვენ ძალა შეგვმატა“, განაგრძო ბუსკეცმა. „გასახდელში ამ ამბის გაგება ჩვენთვის ძალიან მძიმე გახლდათ. მახსოვს, როდესაც მან ამის შესახებ გვითხრა, მისი სულისკვეთება ჩვენსაზე გაცილებით მაღალი იყო.

ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ის იყო პირველი ვინც ჩვენ გაგვამხნევა და გვითხრა, რომ ერთად ვარჯიშსა და თამაშს კვლავ შევძლებდით. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეც მოხდა“.

აბიდალი მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოურინიოს „რეალის“ წინააღმდეგ გამოჩნდა, როდესაც მან რამდენიმე წუთი ითამაშა, შემდეგ კი მან ფინალი ძირითადში დაიწყო და თასის აღმართვით დაასრულა.

„მას ბევრი გაუცდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით ოპერაციამდე ერიკს ფიზიკურად რამდენის გაკეთება შეეძლო. მისი შესაძლებლობები კოლოსალური იყო. ამის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც მას თასის აღმართვის საშულება მივეცით - ეს იყო თანაგუნდელების სოლიდარობისა და ერთიანი სულის დემონსტრირება“.

განიცდის თუ არა ბუსკეცი ნოსტალგიას იმ ეპოქის მიმართ რომელიც „ბარსას“ გუარდიოლას დროს ჰქონდა? „მე შედარებების გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ეპოქა პეპის დროს იყო. მეორეს მხრივ ფეხბურთი მსგავსი აღარ არის. ამიტომ ჩვენ შედარების გაკეთება არ შეგვიძლია. ასე რომ არ შეიძლება შევადაროთ ის, რასაც ახლა ვთამაშობთ და რასაც მაშინ ვთამაშობდით, ან ის რასაც მომავალში ვითამაშებთ“.

მიუხედავად ყველაფრისა ბუსკეცს ჩავი და ინიესტა ენატრება: „რა თქმა უნდა ეს ასეა. მათ ითამაშეს, ეს ცხოვრებაში ერთხელ მოხდა და მათთან ერთად მე ბევრი დრო გავატარე. მათ კარგად ვუგებდი და ერთმანეთს ვავსებდით, პლუს ამას ლა მასიადან მე მესისთან ერთად მოვდივარ. ეს კი ამ ყველაფერს მეტად განსაკუთრებულსა და უნიკალურს ხდის.

ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ შეხედვით ვუგებდით. მეტოქე ვერ ხვდებოდა რის გაკეთებას ვაპირებდით, თუმცა ჩვენ პირველივე შეხედვისთანავე ვიცოდით. ეს უდიდესი უპირატესობა იყო.

ჩვენ აკადემიაში ერთი და იგივე დრო გამოვიარეთ. მოედანს მიღმაც ვმეგობრობდით. სხვა ნახევარმცველისთვის „ლა მასიაში“ მსგავსი გზის გავლა ურთულესი იქნება. მეორე მესი შესაძლოა არასდროს დაიბადოს.

მესისა და სუარესის მოედანზე ურთიერთობა იმაზე ძლიერია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეს არ არის მხოლოდ გოლები, რომელსაც ის იტანს“, ამობს ბუსკეცი სუარესზე. „ზეწოლა, რომელსაც ის მეტოქის მცველებზე ახდენს, როდესაც ის ბურთით არის - ეს ჩვენ ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს“.

ეს ორი მოთამაშე ოთხშაბათს „მანჩესტერს“ უამრავ პრობლემას შეუქმნის და ბუსკეცი, რომელიც მოედნის სიღრმიდან თამაშს აკონტროლებს, პრობლემებს აგვარებს და ამავდროულად მეტოქეს მათ უქმნის.

ფეხბურთელი, რომლის დებიუტიც წლების წინ შედგა, რომელმაც რომის ფინალში „მანჩესტერის“ წინააღმდეგ ძირითადში ითამაშა - ბუსკეცი ამბობს, რომ ის იგივე მოთამაშეა, თუმცა მეტი გამოცდილებით.

„მე კვლავ იგივე მოთამაშე ვარ, თუმცა მეტი გამოცდილებით. მოედანზე ჩემი სამუშაო იგივე რჩება.

„მანჩესტერი“ სოლსკიაერის ხელში უკეთესად ათამაშდა. ისინი წინააღმდეგნი არ არიან, რომ ბურთს შენ ფლობდე, რადგან მათ იციან, რომ კონკრეტული მეტოქე ტექნიკის მხრივ მათზე წინ იმყოფება, თუმცა ჩვენ მათი იარაღი „პსჟ“-ს წინააღმდეგ ვიხილეთ. კონტრშეტევებზე ისინი შანსებს იყენებენ. თუ პარიზელთა მსგავსად შეცდომებს დაუშვებ, „იუნაიტედი“ მას აუცილებლად გამოიყენებს“.

თუ „ბარსელონა“ „მანჩესტერის“ ბაიერერს გადალახავს არის შანსი, რომ ფინალში მათი მეტოქე გუარდიოლა იყოს. „ამაზე ხელს ახლავე მოვაწერდი“, დაასრულა ბუსკეცმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები