Aa
Aa

ფაბრიმ "მილანს" მოუბოდიშა! - დღეს სამსაჯო კომიტეტში შეხვედრაა

„იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის შაბათს გამართული მატჩი ახალი სკანდალის მიზეზი გახდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მიქაელ ფაბრიმ რამდენიმე ეპიზოდში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. თანაც, ისე გამოვიდა, რომ 35 წლის რეფერიმ ყველა ამ მომენტში „მილანის“ საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა.

34-ე წუთზე, ჩალჰანოღლუს ჩაწოდების შემდეგ ალექს სანდროს საჯარიმოში ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა, ფაბრიმ VAR-ი გამოიყენა, თუმცა პენალტი არ დანიშნა. ამ ეპიზოდზე მან მატჩის შემდეგ ისაუბრა და აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, რის გამოც „როსონერის“ ბოდიში მოუხადა.

გარდა ამისა, თამაშის მიწურულს მარიო მანჯუკიჩმა ალესიო რომანიოლის წინააღმდეგ არასპორტულად ითამაშა და მას ფეხი განზრახ ჩაარტყა, მსაჯმა ყურადღება არც ამ ეპიზოდს მიაქცია. კიდევ ერთი საკამათო მომენტი კი იმავე ჩალჰანოღლუს დარტყმას მოჰყვა, როცა ბურთი საჯარიმოში ხელზე უკვე ბენტანკურს შეეხო, მაგრამ ფაბრიმ VAR-ი არცერთ ამ ეპიზოდში არ გამოიყენა.

ამ ყველაფრის გამო, მილანელები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და მატჩის შემდეგ დიდი მითქმა-მოთქმა იყო. როგორც პრესაში იწერება, სამსაჯო კორპუსის მაღალჩინოსნები დღეს „მილანის“ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსა და გენერალურ დირექტორ ლეონარდოს შეხვდებიან და მათთან სწორედ შაბათის მატჩისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 29-ე ტურში, „მილანს“ „სამპდორიასთანაც“ აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს, როცა კშიშტოფ პიონტეკი გენუელებმა თავიანთ საჯარიმოში სრულიად აშკარად წააქციეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები