Aa
Aa

"ის თავს მუდამ მზად გრძნობს, თუმცა..." - ალეგრიმ რონალდუს ტრავმის შესახებ ისაუბრა

"მილანთან" გამარჯვების შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ პრესასთან კრიშტიანუ რონალდუს ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.

"მედ მაქსმა" ჟურნალისტებსა და მილიონობით გულშემატკივარს კრიშტიანუს მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.

"რონალდუ თავს მუდამ მზად გრძნობს, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ დაესვენა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კრიშტიანუ ოთხშაბათს "აიაქსის" წინააღმდეგ ითამაშებს.

რონალდუ დღითიდღე სულ უფრო უკეთ ხდება, თუმცა მოდით მოვიცადოთ და ამ დღეებში ყველაფერი გამოჩნდება.

ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ არის საჭირო. ამსტერდამში მისი ხილვის საკმაოდ კარგი შანსია.

"მილანთან" შაბათს ვითამაშეთ, ჩვენ წინ კვირა, ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი გვაქვს - მთელი ოთხი დღე. ამ დროის განმავლობაში რონალდუს მდგომარეობის გაუმჯობესების საკმაოდ კარგი შანსია".

ტურინელებს ამსტერდამში ზემოტივირებული და ყოველგვარი წნეხის გარეშე მყოფი "აიაქსი" დახვდება, რომელიც "ბებერი სინიორას" მსგავსად მთელს კონცენტრაციას ჩემპიონთა ლიგაზე ახდენს. ალეგრის გუნდისთვის რონალდუს არყოფნა ცალსახად უდიდესი დანაკლისი იქნება. თუმცა, ამ გადმოსახედიდან პორტუგალიელის თამაშის შანსი დაახლოებით 60%-ის ტოლია. ვნახოთ რა მოხდება დარჩენილ დღეებში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ "იუვეს" მაისურით სერია ა-ში 24 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები