Aa
Aa

"ბარსელონა" VS "ატლეტიკო" - მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

ლა ლიგის 31-ე ტურში ნაადრევი ფინალი შედგა და ჩემპიონის ბედი 99%-ით გადაწყდა. "ბარსამ" "ატლეტიკოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ დიეგო სიმეონემ და ერნესტო ვალვერდემ განვლილი მატჩი შეაფასეს და თავიანთი გუნდების მომავალზე ისაუბრეს.

დიეგო სიმეონე: "ჩვენ "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში ბევრ წითელ ბარათს ვიღებთ და ცხადია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.

შესვენებაზე მსაჯს ვკითხე თუ რა მოხდა მასსა და კოშტას შორის და მან მითხრა, რომ დიეგომ რაღაც ისეთი უთხრა, რის გამოც ის გააძევა. თავად კოშტა მეუბნება, რომ ეს ასე არ ყოფილა.

მსგავსი რაღაცები სხვა მოთამაშეებსაც უთქვამთ, მაგრამ ისინი არ გაუძევებიათ. ნებისმიერ შემთვევაში, თუ არბიტრმა ჩათვალა, რომ მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მას ბარათის ჩვენების მიზეზი ნამდვილად ჰქონია.

მიმდინარე სეზონი უეფას სუპერ თასის აღებით დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ყველაფერი ცუდად წარიმართა, მაგრამ ჩვენთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და შეხვედრები მოვიგოთ. ასეთი მარცხები ჩვენ უფრო გვაძლიერებს.

ერნესტო ვალვერდეს მიერ გაწეული სამუშაო უდიდესია. ისინი ძალიან კარგად მოქმედებენ. "ბარსა" ძალიან კონკურენტუნარიანია და მიმდინარე სეზონში ისინი ტრებლის მოსაგებად ემზადებიან".

რაც შეეხება კოშტას ეპიზოდს, ერთი შეხედვით შორიდან ყველაფერი უცნაურად ჩანდა, თუმცა ესპანურმა გამოცემებმა შეხვედრის შემდეგ ყველაფერს ნათელი მოჰფინეს.

"შენს ბო* დედას შე**ცი!" - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა დიეგო კოშტამ შეხვედრის მთავარ არბიტრ ხილ მანსანოს, რომელმაც მას იმწამსვე წითელი ბარათი უჩვენა.

ერნესტო ვალვერდე: "ეს გადამწყვეტი მოგება იყო. ყველამ ვიცოდით, თუ რა მნიშვნელობის იყო ეს მატჩი. მიუხედავად ყველაფრისა ჯერ კიდევ 21 ქულა არის გასათამაშებელი და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ოთხშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის, რომლისგანაც ბევრს ველით.

ვცდილობთ, რომ მთელი გუნდი გამოვცადოთ და ყველამ ითამაშოს, რადგან სამივე ტურნირზე გამოვდივართ და ყველა მათგანის მოგება გვსურს. ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია.

"ატლეტიკოსთან" მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო. მეტოქეს ჩვენთვის ზიანის მოყენება სურდა. მომენტები ჩვენც გვქონდა, როდესაც ალბამ ერთი-ერთზე ძელს გაარტყა და როცა კოუტინიო დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა. შემდეგ იყო გაძევება, რომელმაც შეხვედრის ტემპი შეცვალა და ამის შემდეგ გარკვეული დროით ჩვენი რიტმის პოვნა გაგვიჭირდა.

მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით, მეტოქემ კი ნელ-ნელა დაღლა დაიწყო".

შეხვედრის ვიდეო მიმოხილვა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები