რამდენს თამაშობს არტური საშუალოდ? კლუბში ბრაზილიელის ფიზიკურ კონდიციებზე ღელავენ
Aa
Aa

რამდენს თამაშობს არტური საშუალოდ? კლუბში ბრაზილიელის ფიზიკურ კონდიციებზე ღელავენ

„ბარსელონასთვის“ 22 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურ მელო უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ახალგაზრდა ბრაზილიელმა გუნდში მისვლისთანავე ქომაგების გულები დაიპყრო და ვალვერდეს სქემაში ერთ-ერთი მთავარი როლი დაიკავა.

არტური „ბლაუგრანას“ დეენემის მატარებელია და ბუსკეცი-ჩავი-ინიესტას სათამაშო სტილის მიმდევარი გახლავთ.

ყველაფერი მარტივადაა. როდესაც არტური ძირითადშია, „ბარსა“ ბურთს გაცილებით კომფორტულად და დიდი ხნით აკონტროლებს. გუნდის თამაშს ბრაზილიელის მოედანზე ყოფნა ერთი შეხედვითაც ეტყობა.

არტურს ბევრ დადებით თვისებასთან ერთად ერთი დიდი პრობლემაც აქვს და ეს ფიზმომზადებაში გამოიხატება. კლუბში მელოს კონდიციებზე სერიოზულად ღელავენ.

მიმდინარე სეზონში არტური მოედანზე საშუალოდ 70 წუთს ატარებს. მე-60 წუთის შემდეგ ხშირ შემთხვევაში მას ცვლიან, რაც მისი სუსტი ფიზიკური კონდიციების ბრალია.

მსგავსი პრობლემა მას ბრაზილიაში „გრემიოში“ ასპარეზობის დროსაც ჰქონდა. ამჟამად კი მას ევროპულ რიტმთან შეგუება ძალიან უჭირს.

თავად არტური პრობლემის მოგვარებას მაქსიმალურად ცდილობს. ყოველი მატჩის შემდეგ, გასახდელში ყველაზე მეტ პროტეინის შეიკს სწორედ ის იღებს.

„ბარსას“ რვიანმა მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 90 წუთი მხოლოდ 14 შეხვედრაში ითამაშა.

სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ერნესტო ვალვერდეს არტურის გამოყენება სულ უფრო ხშირად მოუწევს. საინტერესოა გაუძლებს თუ არა მელო ამჯერად უმაღლესი დონის დატვირთვას.

სავარაუდოდ, ახალი სეზონისთვის ბრაზილიელს სპეციალური პროგრამით მოამზადებენ და მის ფიზიკურ კონდიციებზე გაცილებით ეფექტურად იზრუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები