გოგა ბითაძე კარიერაზე, ოცნებებზე და მისაბაძ მაგალითებზე
Aa
Aa

გოგა ბითაძე კარიერაზე, ოცნებებზე და მისაბაძ მაგალითებზე

გავლენიანმა გამოცემა Eurohoops.net-მა ქართული კალათბურთის ამომავალ ვარსკლავთან, გოგა ბითაძესთან, ინტერვიუ ჩაწერა. „ბუდუჩნოსტის“ 19 წლის ცენტრმა თავისი კარიერის, ოცნებების, მისაბაძი მაგალითების და თამაშის სტილის შესახებ ისაუბრა.

გოგა ბითაძე წარმოშობით საქართველოდანაა, თუმცა ბოლო წლებში ადრიატიკის ლიგაში მოასპარეზე გუნდებში გამოდის. თავდაპირველად იგი „მეგა ბიმაქსის“ ღირსებას იცავდა, ახლა კი „ბუდუჩნოსტის“ რიგებში ირიცხება.

1999 წელს დაბადებულმა ცენტრმა მიმდინარე სეზონის დასკვნითი ნაწილი სწორედ მონტენეგრულ გუნდში გაატარა და მშვენივრად გამოიყურება. - წერს Eurohoops.net

როგორ შეეწყვე ევროლიგას? ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშისას საკუთარ თავში რა სიახლე აღმოაჩინე?

"ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამოსვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. აქ მაღალი დონის კალათბურთელები ასპარეზობენ და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ევროლიგაში მოთამაშე "მაღლებისგან" ბევრი რამ ვისწავლე. არ მეგონა ასეთ დონეზე წარმატებით თამაშს თუ მოვახერხებდი, მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო“.

ვისი მეურვეობა გაგიჭირდა ყველაზე მეტად?

"ჯორდან მიკი, რადგან მეოთხე მეოთხედის დასკვნით ნაწილში რამდენიმე ურთულესი ბურთი მოათავსა კალათში".

ზაზა ფაჩულია და თოკო შენგელია. რას წარმოადგენს ეს ორი მოთამაშე შენთვის და დაგეხმარნენ თუ არა ისინი?

"ისინი ჩემთვის მისაბაძი მაგალითები იყვნენ. მათი ყველა სანაკრებო მატჩი მაქვს ნანახი. ბავშვობაში არ მეგონა მაღალ დონეზე ასპარეზობას თუ შევძლებდი, თუმცა მათმა წარმატებამ მაგალითი მომცა".

ზედმეტ წნეხს ხომ არ გრძნობ? შენზე დიდ იმედებს ამყარებენ და ლუკა დონჩიჩის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ევროპელად მიგიჩნევენ

"წნეხს საერთოდ არ ვგრძნობ. მხოლოდ კალათბურთზე ვარ ორიენტირებული და სხვა საკითხებზე არ ვფიქრობ. პარკეტზე გასვლისას ვცდილობ გავაკეთო ის, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებდი“

ბავშვობაში ვინ იყო შენი კერპი და რომელი კალათბურთელის მიბაძვას ცდილობდი ყველაზე მეტად?

"ზაზა ფაჩულია, თოკო შენგელია და გიორგი შერმადინი, სანამ NBA-ის აქტიური მაყურებელი გავხდებოდი. როდესაც გავიზარდე და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩებს თვალს რეგულარულად ვადევნებდი, კევინ გარნეტისა და ჰაკიმ ოლაჯუონის თამაში მომწონდა. მათი კარიერის გამორჩეულ მომენტებს დღემდე ვუყურებ".

რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სამქულიანი სროლის გაუმჯობესება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კომპონენტს თანამედროვე კალათბურთში უდიდესი დატვირთვა აქვს?

"სროლის გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად ვმუშაობ. ვიცი, რომ შორეული ტყორცნების გამოყენება შემიძლია და ეს ადრიატიკის ლიგის შეხვედრებშიც გამოჩნდა. "ბუდუჩნოსტში" ბევრი მაღალი დონის კალათბურთელი თამაშობს და ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა ადვილი არაა. სროლის გაუმჯობესებაზე მთელი ზაფხული ვმუშაობდი და მომავალშიც გავაგრძელებ. ვფიქრობ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია".

რას ეტყოდი მათ, ვინც გოგა ბითაძის შესახებ არაფერი იცის? რით გამოირჩევა გოგა?

"მოძრავი ცენტრი ვარ. ფართან კარგად ვთამაშობ და კონტაქტის არ მეშინია. ბოლომდე ვიბრძვი და დაფარებების განხორციელება შემიძლია".

ცოტა ხნის წინ აღნიშნე, რომ NBA-ში თამაში შენი ოცნებაა. როგორ ხვდები 2019 წლის დრაფტს?

"NBA-ში თამაში ჩემი ოცნება იყო და არის. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც მესმის, რომ დრაფტზე ამირჩევენ და NBA-ში მოვხვდები. ეს მოტივაციას მმატებს და უფრო მეტს ვმუშაობ. თუმცა ახლა მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვარ ორიენტირებული, რადგან ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში გავედით“.

რომელმა ადამიანმა, კალათბურთელმა ან ოჯახის წევრმა იქონია შენს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა?

"ჩემი ოჯახის თითოეულმა წევრმა! დედაჩემი, ჩემი და და დეიდა მუდამ მეხმარებოდნენ. ისინი ყველა ვარჯიშზე დამყვებოდნენ, დამატებით მოტივაციას მმატებდნენ, მენდობოდნენ და ჩემი სჯეროდათ. ისინი ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან".

ვინ არის ამჟამად შენი ფავორიტი კალათბურთელი?

"ლებრონ ჯეიმსი. მისი თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ და გული ძალიან დამწყდა პლეიოფში რომ ვერ გავიდა".

რას ეტყოდი ქართველ ქომაგს?

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები და ვეცდები პარკეტზე ყოფნისას გოგას საუკეთესო ვერსია ვაჩვენო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები