დიდი წმენდა
Aa
Aa

დიდი წმენდა "მანჩესტერში" - სულშერის სია: ვინ წავა და ვინ მოვა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სულშერს ნდობა გამოუცხადა და 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ალბათ ყველა იმ აზრზეა, რომ „მანკუნიანელებმა“ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ნორვეგიელი სპეციალისტი ზაფხულიდან შემადგენლობის წმენდას გეგმავს და როგორც daily mail-ი წერს, „წითელი ეშმაკების” რიგებს ერთბაშად 6 ფეხბურთელი დატოვებს.

სულშერი გაისად პრემიერლიგის მოსაგებად ბრძოლას გეგმავს და გუნდის მის გემოზე მოწყობა სურს.

ვითარება უკანა ხაზში

ერთ-ერთი პირველი ვინც „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს ანტონიო ვალენსია გახლავთ. ეკვადორელი იანვრის შემდეგ ტრავმირებულია და წყაროს თანახმად მისი 10 წლიანი მანჩესტერული კარიერა დასრულდება.

წასვლის კანდიდატია მატეო დარმიანიც. 29 წლის იტალიელს შემოთავაზებები სამშობლოდან აქვს და სავარაუდოდ ის იტალიაში დაბრუნდება. განაპირა მცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა და აქედან სულშერის თავკაცობით მხოლოდ 2 იყო.

გუნდში 5 ცენტრალური მცველი ირიცხება და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მათგანი ტრანსფერზე დადგება. წასვლას ყველაზე მეტად მარკოს როხოსა და ერიკ ბაილის უწინასწარმეტყველებენ.

ვითარება ნახევარადაცვაში

ანდერ ერერა და ხუან მატა კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე 18 თვეა აწარმოებენ და მათი მომავალი ჯერაც გაურკვეველია. სავარაუდოდ „ოლდ ტრაფორდს“ ორივე მათგანი დატოვებს.

ერერას გადაბირებით „პსჟ“ ინტერესდება. პარიზელები ნახევარდაცვის ცენტრში მსგავსი სტილის მოთამაშეების ნაკლებობას განიცდიან.

რაც შეეხება მატას, მის სახელს „ბარსელონას“ უკავშირებენ და ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. 30 წლის ნახევარმცველს სამშობლოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა კონკრეტულად რომელ გუნდში მოხდება ეს ჯერჯერობით რთული სათქმელია.

კვლავ რთული ვითარებაა დე ხეას ირგვლივ. ესპანელი გოლკიპერის ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს ეწურება და კლუბი მის გახანგრძლივებას ცდილობს. როგოროც ცნობილია, დე ხეას ხელში ჩაგდების სურვილი მადრიდის „რეალს“ აქვს.

წასვლის ერთ-ერთი კანდიდატია ალექსის სანჩესიც, რომელიც კოლოსალურ ანაზღაურებას იღებს, თუმცა მოედანზე ბევრს ვერაფერს აკეთებს.

კვირაში 500 ათასი ფუნტის მქონე ფეხბურთელს ფეხბურთის თამაშის სურვილი არ ეტყობა და ამ ყველაფერში ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით, როდესაც ის მოედანზე გადის.

ვინ წავა გასაგებია - ვისი შეძენა სურს სულშერს?

რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას, სულშერისთვის პრიორიტეტული მარჯვენა მცველისა და 2 ცენტრალური ნახევარმცველის შეძენა იქნება, რომელთაგან ერთი დაცვითი სტილის იქნება, ხოლო მეორე კრეატიული.

ასევე, არ არის გამორიცხული „წითელმა ეშმაკებმა“ ერთი გარემარბიც შეიძინონ. სულშერს გუნდში სუფთა „ვინგერები“ არ ჰყავს. სახელდება დუგლას კოშტას ვარიანტი, რომელიც „იუვენტუსის“ დატოვებას გეგმავს.

„კრისტალ პალასის“ ახალაგაზრდა ცენტრალური მცველი აარონ ვან ბისაკა „მანკუნიანელთა“ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება. მისი გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ფუნტია.

ნახევარდაცვის ცენტრის გასაძლიერებლად „იუნაიტედის“ სასურველ სიაში „ატლეტიკოს“ ტრიო როდრი-საული-ტომასი იმყოფება, რომელთაგან ერთ-ერთის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან. „წითელი ეშმაკების“ რადარზე „ბარსას“ ხორვატი შუახაზელი ივან რაკიტიჩიც, რომლის ბარსელონური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სია მართლაც მიმზიდველია, თუმცა ამ ყველაფერს განხორციელება უნდა, რაც საკმაოდ რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.

„მანჩესტერს“ ინგლისელი მოთამაშეების დამატება ურჩევნია, თუმცა კლუბში ესმით, რომ წელს ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ჯეიდონ სანჩოს (დორტმუნდი) და კალუმ ჰადსონ-ოდოის (ჩელსი) თავიანთი გუნდები ნაკლებად შეელევიან.

ამრიგად, ოლე გუნარი ახალი გუნდის შენებას იწყებს და როგორც ხედავთ აქცენტს სწრაფ და ტექნიკურ მოთამაშეებზე აკეთებს. „იუნაიტედი“ მიმდინარე სეზონში დიდი საფრთხის ქვეშაა და შესაძლოა გაისად ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს.

ნებისმიერ შემთხვევაში კლუბის მთავარი მიზანი 2019-2020 წლების სეზონში პრემიერლიგის მოგება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები