ქეცბაია ''ანორთოსისის'' ქართველებით გაძლიერებას გეგმავს
Aa
Aa

ქეცბაია ''ანორთოსისის'' ქართველებით გაძლიერებას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ''ანორთოსისში'' გიორგი ლორიასა და გიორგი ნავალოვსკის დამატებას გეგმავს. 

გიორგი ლორია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ ''მაგდებურგში'' ასპარეზობს. თუ კლუბი რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს, ფეხბურთელი გერმანულ კლუბს დაემშვიდობება. ინფორმაციას Goal.com.cy ავრცელებს.

მინსკის ''დინამოს'' დატოვების შემდეგ გიორგი ნავალოვსკი კარიერას ბათუმის ''დინამოში'' აგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა აჭარულ კლუბთან კონტრაქტი ივნისამდე გააფორმა. ნავალოვსკი ეროვნული ლიგის გასულ სამ ტურში ''დინამოს'' სამატჩო განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

გასულ თვეში კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გააფორმა. ''კრასნოდარის'' ყოფილი შემტევი ''ანორთოსისს'' ზაფხულში შეუერთდება. ''ანორთოსისის'' შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში დასაწყისში ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე ჩაირიცხნენ. ასე რომ ქეცბაიას განკარგულებაში მინიმუმ 3 ქართველი ფეხბურთელი იქნება, თუმცა ლორიასთან და ნავალოვსკისთან შეთანხმების შემთხვევაში გუნდში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდება.

ქეცბაია 2004-09 წლებში ფამაგუსტას ''ანორთოსისს'' წვრთნიდა.  2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ქეცბაია ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ათამაშა.

2004-09 წლებში ქეცბაიას გუნდში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. მათ შორის იყვნენ გიორგი ქინქლაძე, გიორგი გაბიდაური, კლიმენტი წიტაიშვილი და დავით ჩალაძე.

''ნიუკასლის'' ყოფილი ფორვარდი ასევე ხელმძღვანელობდა პირეოსის ''ოლიმპიაკოსს,'' საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ''აპოელს,'' ათენის აეკ-ს. 2017 წლის ივლისში ქართველი მწვრთნელი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ''ორენბურგს'' სათავეში ჩაუდგა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის გამო ამავე წლის აგვისტოში გუნდი დატოვა და გასულ თვეში ''ანორთოსისთან'' შეთანხმებას მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები