Aa
Aa

"რეალს" ძანიოლო მოუნდა

იტალიური „რომას“ თინეიჯერი ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებით, „იუვენტუსთან“ ერთად, მადრიდის „რეალიც“ ინტერესდება. აღნიშნულ ცნობას მადრიდული AS-ი ავრცელებს და წერს, რომ „სამეფო კლუბი“ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან დაკონტაქტებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

მეორე მხრივ, ცნობილი ხდება, რომ ძანიოლოს აგენტი ამჟამად ტურინის „იუვენტუსს“ ელაპარაკება და ნიკოლოს ტურინში გადასვლას განიხილავს. თანაც, „ვეკია სინიორა“ 19 წლის შემტევის საყვარელი კლუბია, ეს კი მას შემდეგ დადგინდა, რაც ძანიოლოს „ტვიტერის“ გვერდის ძველი პოსტები გასაჯაროვდა.

ძნელი სათქმელია, რამდენად დიდია ამ შესაძლო ტრანსფერში „რეალის“ შანსები, თუმცა ის ცხადია, რომ „რომას“ ნიჭიერი იტალიელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ნიკოლო ძანიოლო „ჯალოროსის“ რიგებში გასულ ზაფხულს „ინტერიდან“ გადავიდა. მისი დედაქალაქში გადაბარგება, რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ახალგაზრდა ნახევარმცველის რომაული დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მატჩისას, სწორედ „რეალის“ წინააღმდეგ შედგა. იქიდან მოყოლებული ძანიოლომ 30 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები