Aa
Aa

ზიდანი: "მიმდინარე სეზონი ძალიან რთულია"

ზინედინ ზიდანის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნების შემდეგ „მადრიდის რეალმა“ პირველი შეხვედრა წააგო. „ზიზუს“ ხელმძღვანელობით „სამეფო კლუბს“ ორიდან ორივე მატჩი ჰქონდა მოგებული, თუმცა „მესტალიაზე“ ვერაფერი გააწყო.

„ვალენსიას“ ლა ლიგის ეგიდით 5 იანვრის შემდეგ არ წაუგია და „ლოს ბლანკოსთან“ გონსალო გუედეშის და ეზეკიელ გარაის გოლების წყალობით 2-1 იმარჯვა. „რეალის“ მხრიდან ერთადერთი ბურთი კარიმ ბენზემამ შეაგდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზიდანმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და განაცხადა: „მატჩი კარგად დავიწყეთ. ბურთს მშვენივრად ვაკონტროლებდით და პრესინგს აქტიურად ვთამაშობდით, თუმცა პირველი გოლის გატანა ვერ მოვახერხებთ“.

„ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ. მათ ბოლომდე იბრძოლეს. მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ, თუმცა მარცხი ყოველთვის საწყენია“.

„სახიფათოდ ვერ ვუტევდით და მეტოქის კართან მომენტები პრაქტიკულად ვერ შევქმენით. გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ მაინც წავაგეთ. მიმდინარე სეზონი ძალიან რთულია. მარცხს უნდა შევეგუოთ და დარჩენილ შეხვედრებზე ვიფიქროთ. ახლა კონცენტრაცია შაბათის მატჩზე უნდა მოვახდინოთ, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ“.

„შესაძლოა მართალია ის მოსაზრება, რომ გუნდს ბოლო შეხვედრებში მოტივაცია აკლდა, თუმცა „რეალის“ ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და სეზონის დადებით ნოტაზე დასასრულებლად მაქსიმუმს გააკეთებენ“.

ზიდანის კოლექტივს 30 ტურის შემდეგ 57 ქულა აქვს. მადრიდელები მესამე ადგილზე იმყოფებიან და „ატლეტიკოს“ ხუთი ქულით ჩამორჩებიან. „სამეფო კლუბი“ სიტუაციის გამოსწორებას „ეიბართან“ მატჩში შეეცდება, რომელსაც 6 აპრილს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები