Aa
Aa

შედეგიანი გიორგი გაბედავა: 2 გოლი ბოლო ორ მატჩში

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში სოსნოვიეცის ''ზაგლემბემ'' შინ კრაკოვის ''ვისლას'' 4:3 დაამარცხა. დრამატულ მატჩში მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს. აუტსაიდერმა ''ზაგლემბემ'' ბოლო ხუთი შეხვედრიდან 3 მოიგო, ორ მატჩში კი დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა ქართველმა ფორვარდმა გიორგი გაბედავამ ზედიზედ მეორე მატჩში გოლი გაიტანა.

24-ე წუთზე ვამარა სანოგოს გადაცემის შემდეგ გაბედავამ ერთი შეხებით მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა და ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 გახდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი გაბედავა მოხვდა, ხოლო მისი ქართველი თანაგუნდელი გიორგი ივანიშვილი 18-კაციან განაცხადში ვერ ვიხილეთ.

81-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა მესამე ცვლილება განახორციელა და გაბედავამ მოედანი დატოვა.

''ვისლასთან'' შეხვედრამდე გაბედავამ ''ლეგნიცას'' გაუტანა. პოლონეთის ჩემპიონატში ''ლეგნიცასთან'' გატანილი გოლი ქართველი ფეხბურთელისთვის სადებიუტო იყო.

პოლონეთის უმაღლესი ლიგის 16-გუნდიან ჩემპიონატში სოსნოვიეცის ''ზაგლემბე'' ბოლო ადგილზეა, თუმცა ქულების რაოდენობით უშუალო კონკურენტ პლოცკის ''ვისლას'' გაუთანაბრდა. შეგახსენებთ, პლოცკურ გუნდში ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ასპარეზობს.

ფოტო: zaglebie.eu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები