Aa
Aa

"1000 გოლი პრობლემა არაა, მე ხომ კარიერაში 1025 გავიტანე" - პელესა და მბაპეს ერთობლივი ინტერვიუ

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავ კილიან მბაპეს, პელეს ხშირად ადარებენ. ფრანგმა და ბრაზილიელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და საკმაოდ საინტერესო ერთობლივი ინტერვიუ შედგა.

მბაპეს განცხადებით, სამყაროში მხოლოდ ერთი პელე არსებობს და მისი „ფეხბურთის ღმერთთან“ შედარება მთლად მართებული არაა.

„მე და თქვენ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ერთი პელე არსებობს და ის ახლა ჩვენთანაა. მე კი უბრალოდ კილიანი ვარ და ვცდილობ, საკუთარი გუნდისთვის და ნაკრებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. მასთან ნებისმიერ ასპექტში შედარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ვიცი, რომ იგივეს ვერასდროს მივაღწევ, რაც მან კარიერულად გააკეთა.

კონკრეტულად ამ შედარებების გამო წნეხს არ ვგრძნობ, თუმცა, ზოგადად, წნეხი ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია და ამას მიჩვეული ვარ. საერთოდაც, არ მგონია, რომ ეს შედარება მიზანშეწონილი იყოს, რადგან პელე განსხვავებული სტილის ფეხბურთელია.

ფეხბურთი ადამიანს აჯერებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ადრე ამ ყველაფერზე სიზმრები მქონდა და მასთან შეხვედრა წარმოუდგენელი მეგონა. ასე რომ, აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ“.

ამის შემდეგ მიკროფონი პელეს გადაეცა, რომელმაც საუბრის დაწყებისას მბაპე შეაქო, შემდეგ კი 1000 გოლთან დაკავშირებით ჟურნალისტსა და 20 წლის ფორვარდს გაეხუმრა.

„საფეხბურთო კუთხით მას რჩევა არ სჭირდება. მე მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ იყოს კარგი ბიჭი, კარგი ადამიანი.

იმედი მაქვს, იგი 1000 გოლის გატანას შეძლებს. 1000 გოლი პრობლემა არაა, მე ხომ კარიერაში 1025 გოლი მაქვს გატანილი. კილიან, რამდენი გოლი გაქვს ახლა კარიერაში? ოო, ამ ასაკში 92 ბურთი საკმაოდ ბევრია.

არავინ იფიქროს, რომ ამდენი გოლის გატანას თანაგუნდელების გარეშე შევძლებდი. ფეხბურთში გუნდურობა უმნიშვნელოვანესია და ეს ყველას კარგად მოეხსენება.

ჩემი პერიოდისა და თანამედროვე ფეხბურთს შორის უდიდესი სხვაობა ფინანსებია. კილიანს ახლა უამრავი შეთავაზება აქვს, თუმცა მან იმ გუნდში უნდა ითამაშოს, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად ენდომება. მეორე მხრივ, მან მომავალზე უნდა იფიქროს, რადგან ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა, ფეხბურთელს კარიერის შემდეგ დაახლოებით 45 წლიანი სიცოცხლე აქვს. ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ამ საკითხზე ფიქრი მნიშვნელოვანია“.

მბაპემ 1000 გოლზე ხუმრობანარევი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამდენი ბურთის გატანა PlayStation-ის თამაშისასაც რთულია.

„1000 გოლის გატანა, არათუ საფეხბურთო კარიერისას, არამედ PlayStation-ის თამაშისასაც რთულია და მგონი, ამას ასეთ პირობებშიც ვერ შევძლებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ შედეგს მივუახლოვდე მაინც, კარიერის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი გზაა.

ჩემი აზრით, როცა პელე თამაშობდა, იგი არ ფიქრობდა, რომ ყველა დროის საუკეთესო უნდა გამხდარიყო და ამას საკუთარ თავს გამუდმებით არ უმეორებდა. ის უბრალოდ საყვარელ საქმეს აკეთებდა და ამით სიამოვნებას იღებდა. საუკეთესოობა სხვებმა უნდა მოგაკუთვნონ, თავად პელეს ამის თქმა არ სჭირდება. ასეა ჩემს შემთხვევაშიც, მხოლოდ პსჟ-სა და ნაკრების წარმატებაზე ვარ ორიენტირებული, სხვა რაღაცებზე ფიქრი საჭირო არაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები