Aa
Aa

ემერი: "ვიცით, რომ ოთხეულში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს"

უნაი ემერის „არსენალი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. პრემიერ ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში „მეთოფეებმა“ საშინაო კედლებში რაფა ბენიტესის „ნიუკასლი“ მიიღეს და დამაჯერებელი გამარჯვება დაისაკუთრეს.

„არსენალი“ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და მეტოქე გუნდის კარის აღება ორჯერ მოახერხა. პირველი გოლის ავტორი „მეთოფეების“ უელსელი ფეხბურთელი, აარონ რემზი, გახდა, ხოლო მეორე ბურთი ალექსანდრ ლაკაზეტის ანგარიშზეა.

„ნიუკასლთან“ მოპოვებული სამი ქულის წყალობით „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ გადაასწრო და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა „მეთოფეების“ თავკაცი, უნაი ემერი, დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ადვილი არ იქნება.

„არსენალი“ პროგრესის გზაზეა, მაგრამ ვიცით რომ ოთხეულში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ურთულესი მეტოქეები გვყავს და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა სტუმრად წარმატების მიღწევაა. ბოლო 7 შეხვედრიდან 5 გასვლაზე უნდა გავმართოთ და სტუმრად ჩასატარებელ მატჩებში სტაბილური თამაშის გარეშე არაფერი გამოგვივა“.

31 ტურის შემდეგ „მეთოფეების“ ანგარიშზე 63 ქულაა. ლონდონელები მეხუთეადგილოსან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორით, ხოლო მეექვსე პოზიციაზე მყოფ „ჩელსის“ 3 ქულით უსწრებენ. მომდევნო ტურში უნაი ემერის ბიჭებს უშუალო მდევრებთან არსებული სხვაობის შესანარჩუნებლად მაქსიმუმის გაკეთება მოუწევთ. „არსენალი“ „გუდისონ პარკზე“ ჩადის და „ევერტონთან“ იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები