მოულოდნელი ინფორმაცია! - ვარანმა
Aa
Aa

მოულოდნელი ინფორმაცია! - ვარანმა "რეალს" წასვლის შესახებ აუწყა?

მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაფაელ ვარანი "რეალიდან" ამ ზაფხულს აბარგებასა და სხვა გუნდში გადასვლას გეგმავს, რის შესახებაც "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა.

როგორც ირკვევა, ფრანგი მცველი გუნდში საკუთარი სტატუსით კმაყოფილი არაა. იგი თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონობამაც არაფერი შეცვალა და "რეალში" სათანადო დაფასებას ვერ იღებს. ამიტომ, ზინედინ ზიდანის ფავორიტობის მიუხედავად, "სანტიაგო ბერნაბეუდან" წასვლა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ვარანი "სამეფო კლუბში" სწორედ ზიდანის რეკომენდაციით მოხდა. იგი მადრიდელებმა 2011 წელს გადაიბირეს და მას შემდეგ 25 წლის ფრანგი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სტოპერად იქცა.

რამდენიმე კვირის წინ იტალიურმა და ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ვარანის საკუთარ რიგებში ხილვით ტურინის "იუვენტუსი" სერიოზულად ინტერესდება და ამ საკითხზე მუშაობასაც აპირებს. ეს იქამდე იყო ცნობილი, სანამ პრესამდე ვარანის კლუბიდან აბარგების გადაწყვეტილება მიაღწევდა.

რაფაელ ვარანს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო გახლავთ, დაინტერესებულ კლუბთა სიაში კი, "იუვენტუსთან" ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედიცაა".

იმავე AS-ის თქმით, თუკი ტანმაღალი უკანახაზელი "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებს, კლუბი მის შემცვლელად "ნაპოლის" მცველ კალიდუ კულიბალის განიხილავს, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და გამოსასყიდი თანხა ამ ეტაპზე დაწესებული არაა. სენეგალელის შრომით ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც, გამოსასყიდი თანხა 2020 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და იგი 150 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები