პსჟ ბუფონთან მაინც გაახანგრძლივებს?
Aa
Aa

პსჟ ბუფონთან მაინც გაახანგრძლივებს?

გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, "პარი სენ ჟერმენი" ჯანლუიჯი ბუფონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. არადა, აქამდე იწერებოდა, რომ ვეტერან იტალიელს პარიზელები ხელშეკრულებას აღარ გაუხანგრძლივებდნენ.

როგორც ESPN-ი აღნიშნავს, მხარეებმა კონტრაქტის 2021 წლის ზაფხულამდე გაგრძელების შესახებ მოილაპარაკეს, სხვა დამატებით დეტალებზე კი ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. თუკი ამერიკული გამოცემის ეს ცნობა გამართლდა, ბუფონი "პარკ დე პრენსიდან" 43 წლის ასაკამდე არ წავა.

ჯანლუიჯი ბუფონმა წლევანდელ სეზონში პსჟ-ს მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ჩემპიონთა ლიგას "მანჩესტერ იუნაიტედთან" პაექრობის შემდეგ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ამჟამად 41 წლისაა, მას კარიერის მანძილზე სულ 3 კლუბის შემადგენლობაში უთამაშია - 1995-2001 წლებში "პარმაში" გამოდიოდა, 2001-2018 წლებში "იუვენტუსში", გასული ზაფხულიდან მოყოლებული კი პსჟ-ს კარს იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები