ცხადაძე:
Aa
Aa

ცხადაძე: "ნაკრები მატჩებს მოუმზადებელი შეხვდა... ყველაზე მთავარი რაც დავინახე არის ის, რომ..."

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემა ''სპორტის საათის'' ეთერში ეროვნული გუნდის გასული ორი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

კახა ცხადაძემ, რომელიც ამჟამად ყაზახური ''ორდაბასის'' მთავარი მწვრთნელია, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან გამართული მატჩების შესახებ ისაუბრა: ''საქართველოს ნაკრები მატჩებს მოუმზადებელი შეხვდა, ეროვნულ გუნდს ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშია.

ყველაზე მთავარი რაც დავინახე არის ის, რომ ეროვნული ნაკრების ფსიქოლოგიურად, მორალურად მოუმზადებელი იყო. მომეჩვენა, რომ გუნდის თითოეული წევრი ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი იყო. ფეხბურთელებში მოტივაცია ვერ დავინახე. მე მგონია, რომ საქართველოს ნაკრებს ასე სუსტად არასდროს უთამაშია. ჩვენს ნაკრებს თამაშის მიმდინარეობისას გადაწყობა არ შეუძლია, რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.

ირლანდიის ნაკრებთან აგრესია გვაკლდა. გოლის გატანამდე ირლანდია ძალიან აგრესიულად თამაშობდა. შესვენების შემდეგ ირლანდია აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებდა, თუმცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბურთის ფლობის უპირატესობის გამოყენება, რადგან კრეატიული ფეხბურთელები გვაკლდა. ჩვენს თამაშში კრეატივი არ იყო. ფლანგებიდან შეტევა და სისწრაფე ძალიან გვაკლდა.

შუა ხაზში ერთი ამპლუის ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, რაც ერთის მხრივ კარგია, ცენტრი ძლიერია, თუმცა ჩვენ ვერ ვნახეთ პოზიციური შეტევისას შექმნილი საგოლე მომენტი, თუ არ ჩავთვლით ვაკო გვილიასა და ჯაბა კანკავას სახიფათო დარტყმებს.

გაიჟღერა, რომ ჩვენ არ გვყავს შვეიცარიის დონის ფეხბურთელები. ამ აზრს არ ვეთანხმები. ჩვენ საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს, მათი სწორად გამოყენებაა საჭირო.

ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ძალიან სპეციფიურია. ის სამი დღე, როცა მწვრთნელს ფეხბურთელებთან მუშაობა უხდება, ფსიქოლოგიური და ტაქტიკური კუთხით მომზადებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ფაქტიურად ფლანგიდან არ ვთამაშობდით, რაც ჩვენი შეცდომა იყო. ჩემი აზრით ირლანდიასთან უფრო კრეატიული ფეხბურთელების დაყენება შეიძლებოდა. ეს მწვრთნელის პრეროგატივაა, თუმცა მე ასე ვხედავ.

თუ მაღალი პრესინგით თამაშს ვგეგმავთ, ჩემი აზრით ჯანო ანანიძის მარცხენა ფლანგზე ლიხშტაინერის წინააღმდეგ გამწესება გამართლებული არაა.''

შეგახსენებთ, კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებს 2015-16 წლებში წვრთნიდა, შემდეგ კი ვლადიმირ ვაისმა შეცვალა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები