Aa
Aa

რატომ არ დაბრუნდა ჯანმრთელი იკარდი მოედანზე?

იტალიური გამოცემები გასული კვირის ბოლოს წერდნენ, რომ მაურო იკარდი მოედანზე დასაბრუნებლად მზად იყო და იგი „ლაციოს“ წინააღმდეგ ითამაშებდა, თუმცა ასე არ მოხდა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი მწვრთნელის გადაწყვეტილება გახლდათ. ლუჩიანო სპალეტიმ კაპიტანი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

რასაკვირველია, მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას სპალეტის არგენტინელი ფორვარდის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან „ინტერის“ ტიფოზებისთვის იმედისმომცემი კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, მას 20-30 წუთით თამაში შეეძლო, თუმცა ჩვენი მიზანი ეს არაა, მთავარია, მან ისეთივე გულმოდგინე შრომა გააგრძელოს, როგორც ამას ბოლო პერიოდში აკეთებდა. თუკი, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მისი გუნდში დაბრუნება შესაძლებელია.

ხალხი ამბობს, რომ ჩვენ თამაშებს იკარდის არყოფნის გამო ვაგებთ და მის გარეშე ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდით, თუმცა ეს ასე არაა. ლიონელ მესის შემთხვევაში ეს მცირედით ასეა, მაგრამ არა - იკარდის შემთხვევაში. პროფესიონალიზმი და პიროვნული პატივისცემა უმთავრესია. გუნდში დისციპლინა ამოსავალი წერტილი უნდა იყოს“.

გუშინდელი მატჩის შემდეგ საკუთარ გადაცემაში ისაუბრა ვანდა ნარამაც, რომელმაც მისი მეუღლის მოედანზე არყოფნა სპალეტის დააბრალა. ნარას თქმით, მაურო სათამაშოდ მზადაა, თუმცა განაცხადში მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო ვერ მოხვდა.

სპალეტის დაუჭირა მხარი ჯუზეპე მაროტამ, რომელმაც განაცხადა, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელების შერჩევისას ადეკვატური და მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

„ინტერმა“ „ლაციოსთან“ უაღრესად პრინციპული დაპირისპირება წააგო, თუმცა „მილანის“ წაფორხილების გამო, მე-3 ადგილი შეინარჩუნა. „ნერაძური“ მეხუთეადგილოსან „ლაციოს“ 5 ქულით უსწებს და მისი მთავარი მიზანი სწორედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები