გრიზმანი და
Aa
Aa

გრიზმანი და "ბარსა" - რა ვიცით და რა არ ვიცით, ანუ რა ხდება რეალურად ტრანსფერის ირგვლივ

ყველაფერი ისე მიდის, რომ ანტუან გრიზმანი სეზონის ბოლოს "ატლეტიკოს" დატოვებს და "ბარსელონას" შეუერთდება.

ბოლო 1 კვირაში უკვე უამრავი გამოცემა და ჟურნალისტი იუწყება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და გრიზმანმა პოზიცია კიდევ ერთხელ შეიცვალა.

„სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ გრიზმანი მომდევნო სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს“.

ეს სიტყვები წარსულში ცნობილ ფეხბურთელს "მონაკოსა" და "პსჟ"-ს ფრანგ გარემარბს ჟერომ როთენს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად RMC-ის ჟურნალისტად მუშაობს.

ინფორმაცია ერთია და მეორე ის, თუ რა ხდება რეალურად და რა ვითარებაა ამჟამად.

მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და გავიგოთ რა ვიცით გრიზმანის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე.

რა ვიცით გრიზმანის ტრანსფერზე? ვერსია, რომელიც პრესამ გაავრცელა

ფრანგი შემტევი მადრიდელთა ყოველწლიურ 24 მილიონიან ხელფასზე უარს იტყვის და 2018 წელს „ბარსასთან“ მიღწეულ პირად შეთანხმებას კვლავ გააცოცხლებს, რომლის თანახმადაც ის კატალონიელთა რიგებში წლიურად 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გრიზმანის კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლამდე არის გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა, თუმცა ეს ყველაფერი ძალაში 2019 წლის 1 ივლისისთვის შევა, მანამდე კი ანტუანის შეძენა 120 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

რამ შეიძლება დაბლოკოს ტრანსფერი?

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი მესტრე ამბობს, რომ კლუბი ტრანსფერებში დაუფიქრებლად დიდი თანხის გადახდას არ გეგმავს.

"პირველ რიგში გეტყვით, რომ მოვუსმენთ სამწვრთნელო შტაბს და მათ პოზიციას გავითვალისწინებთ. მთავარია თუ რა სურთ მათ. ნებისმიერ შემთხვევაში ფულს გაუაზრებლად არ დავხარჯავთ. ასტრონომიულ თანხას მხოლოდ იმიტომ არ გადავიხდით, რომ რომელიმე ვარსკვლავი შევიძინოთ".

არის კიდევ ერთი ფაქტორი. "ბარსელონაში" აზრი ორად არის გაყოფილი. კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გრიზმანის შეძენისკენ იხრება, ხოლო დირექტორატის დანარჩენ წევრებს უფრო მეტად ლუკა იოვიჩის შეძენა სურთ.

პლუს ამას, ამ მომენტისთვის კლუბს ტრანსფერისთვის განკუთვნილი 120 მილიონი არ აქვს, რადგან ზამთარში "ბლაუგრანამ" ფრენკი დე იოგნი 75 მილიონ ევროდ გაიფორმა და თუ ახალი ფორვარდის შეძენაც სურთ, ასეთ შემთხვევაში რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.

რეალურად ჯერ არაფერი გადაწყვეტილა - "ბარსა" კვლავ ფიქრობს...

ყველაფრის გათვალისწინებით ნათლად ჩანს, რომ დიახ - კლუბს ექსტრაკლასის ფორვარდის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჯერ საბოლოო არჩევანზე არ შეჯერებულან.

პრეზიდენტს გრიზმანი სურს, სპორტულ დირექტორ აბიდალს და დირექტორატის სხვა წევრებს იოვიჩი უფრო ხიბლავთ.

არის კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კატალონიელებს რაშფორდის შეძენაც სურთ.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ "ბარსა" ახალ ფორვარდს სეზონის ბოლომდე საბოლოოდ შეარჩევს და სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაიფორმებს.

მიუხედავად ყველაფრისა, "კამპ ნოუზე" მოხვედრის ყველაზე მეტ შანსს ამ ეტაპისთვის მაინც გრიზმანი ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები