Aa
Aa

"წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოსპიტალში გაგგზავნი" - როგორ დაემუქრა მაკელელე რონალდინიოს

46 წლის ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კლოდ მაკელელემ საფეხბურთო კარიერა გაიხსენა და რონალდინიოსთან მის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ფეხბურთის ქომაგთა დიდი ნაწილის აზრით, ისტორიაში რონალდინიოზე ტექნიკური და მასზე ლამაზად მოთამაშე ფეხბურთელს არ უარსებია. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს...

"გაუჩო" თავისი "ფინტებით" მცველებს თავგზას უბნევდა და მათ ხშირ შემთხვევაში აბითურებდა.

მაკელელემ RMC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მან მოედანზე რონალდინიოს შეშინება გადაწყვიტა და დაემუქრა, რომ მას ზიანს მიაყენებდა.

„გირჩევ, რომ ჩემს წინააღმდეგ დრიბლინგი კარგი მანერებით სცადო, მაგრამ ეს ფლეისთეიშენის ტრიუკები... წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოსპიტალში გაგგზავნი.

გაინტერესებთ რა მითხრა მან? რონალდინიომ ბურთი მომცა და ბოდიში მომიხადა“.

მაკელელემ ზიდანისა და რონალდინიოს შედარებაც სცადა.

„ზიდანი მხატვარი იყო. ყოველი მისი ნაბიჯი შეტევის გამწვავებას ემსახურებოდა. ამ მხრივ შენ მას ვერაფერს დაუწუნებდი. მსგავსად იყო რონალდინიოც იქამდე, სანამ მან თავისი ცრუმოძრაობებით მეტოქეების დამცირება არ დაიწყო“.

კლოდ მაკელელე თავისი კარიერის განმავლობაში რონალდინიოს რვაჯერ დაუპირისპირდა, აქედან ეს ექვსჯერ „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრებში მოხდა, რომლებიც უდიდესი დაძაბულობითა და სანახაობით გამოირჩეოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები